კორცხელის ინციდენტი

პრეზიდენტი კორცხელზე: ამის გამოუძიებლობით ზიანი მიადგება ევროპულ მომავალს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, კორცხელის ინციდენტის გამოუძიებლობით საქართველოს ევროპულ მომავალს სერიოზული ზიანი მიადგება. ამის შესახებ მარგველაშვილმა რუსთავი ორის გადაცემა არჩევანში თქვა.

"მაშინვე, როცა მოხდა ეს ინციდენტი, ვთქვი, რომ ეს უბრალოდ კრიმინალი არ არის. როცა საარჩევნო დღეს ასეთი მასიური ძალადობა ხდება, ეს არ არის კონკრეტული კრიმინალი. კონკრეტული კრიმინალი არის, როცა მე თქვენ რაღაცა ზიანს მოგაყენებთ. ეს არის კრიმინალი საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე, რადგან არჩევნები ეკუთვნის სახელმწიფოს და საზოგადოებას. როცა არჩევნების დღეს გგონია, რომ შენ სიტუაციას გადატეხავ, ან რაღაც პროცესებზე შენი მუშტი-კრივი ზეგავლენას იქონიებს, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ნაბიჯი. პოლიტიკოსი იქ მესამე რიგის დაზარალებულია, იქ პირველ რიგში ჩვენს სახელმწიფოს, საზოგადოებას, ჩვენს დემოკრატიულობას შეეხნენ" - თქვა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, კორცხელის ინციდენტის შემდეგ, "ძალიან სწორი განცხადებები გაკეთდა", თუმცა, ეფექტური გამოძიება არავის უნახავს.

"ვნახეთ ის, რისკენაც ყველამ მოვუწოდეთ? მომავალი არჩევნების ასეთი დარეკლამებისთვის ვინმემ საკადრისი პასუხი მიიღო? არა. ჩვენ ვნახეთ ის, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ, საზოგადოების, არჩევნების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი ასე დარჩა. არ ვიცი, რომელი უწყება იძიებს ამ ყველაფერს, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ ძალიან მძიმე ვერდიქტი დაგვიბრუნა ევროსასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე. რატომ? იმიტომ, რომ ამ საქმეს სჭირდებოდა გამოძიება და ამის მაგივრად, ხატოვანი გამონათქვამები მივიღეთ. ამ თემაზეც რომ ვთქვი, გამოძიებაა საჭირო მეთქი, თქვეს, როგორ შეიძლება, უნდა მივაფუჩეჩოთო. მივაფუჩეჩეთ საქმე? სახელმწიფოს დაუჯდა ძალიან მძიმედ. კორცხელზე სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ გავაკეთე განცხადება - რატომ არ ხდება ამ საქმის ეფექტური გამოძიება. აქ არ არის სტრაბსურგზე ლაპარაკი მარტო, არ არის ერთ დაზარალებულ პოლიტიკოსზე საუბარი, აქ არის საუბარი ქვეყნის ეგზისტენციალურ, სუბსტანციურ ინტერესებზე, რაც არის დემოკრატია და არჩევნები. ეს არ არის უბრალოდ, რომ რაღაც საქმე არ გამოიძიეს და ბევრი საქმეა თაროზე შემოდებული. ამ საქმის გამოუძიებლობა კონკრეტულ მესიჯს აძლევს პოლიტიკაში არსებულ მოძველბიჭო ელემენტებს. ამ საქმეს თუ არ გამოვიძიებთ, მწვანე შუქს ვაძლევთ ყველას პოლიტიკურ ძალაში ასეთი ელემენტების გაძლიერებას" - თქვა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებითვე, რომელ პოლიტიკურ ძალას ეკუთვნოდნენ კონკრეტული თავდამსხმელები - გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

"თუმცა, ამდენი ვიდეო არ არის გადაღებული არაფერზე, რამდენიც კორცხელის ინციდენტზეა. გამოძიებამ დაადგინოს ეს. მე სხვა რამეს გეუბნებით. ამის გამოუძიებლობას შეიძლება მხოლოდ სახელისუფლო სტრუქტურებში მოჰყვეს შედეგი? ამას ყველა პოლიტიკურ პარტიაში კასკადური ეფექტი ექნება, იმიტომ რომ ყველა იფიქრებს - აა, ანუ ასეთია თამაშის წესები... და საით მიგვყავს ქვეყანა? ეს არჩევნები უნდა იყოს კონკურენციის, შეხედულებების, დაპირებების, პროგრამების, ანალიზის... ამისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ. ამ ფონზე ძალიან მძიმედ ჩანს ამ ინციდენტის გამოუძიებლობა. ამ პასიურობით სერიოზული ზიანი მიადგება ჩვენს ევროპულ მომავალს" - განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები