ბრიტანეთის ახალმა პრემიერმა ტერეზა მეიმ, საგარეო საქმეთა მინისტრად ბორის ჯონსონი დანიშნა.
როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, ჯონსონი ცნობილია საკუთარი ექსცენტრიული ქცევებითა და წამოცდენებით. მათივე შეფასებით, ჯონსონის მსგავსი ადამიანის ქვეყნის პირველ დიპლომატად დანიშვნა საკმაოდ სახიფათო სვლა არის.
Bloomberg-ი იხსენებს ჯონსონის განცხადებებს სხვადასხვა ქვეყნისა და მათი ლიდერების შესახებ.
ვლადიმირ პუტინზე (2015 წელი): "მიუხედავად იმისა, რომ ის ჰგავს დობის ჰარი პოტერიდან, ის შეუბრალებელი და მანიპულატორი ტირანია".
ჰილარი კლინტონზე (2007 წელი): "მას შეღებილი ქერა თმა, დაბერილი ტუჩები და მტკიცე ლურჯი მზერა აქვს, როგორც სადისტ მედდებს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. როდესაც ჩემი ტრანსიდან გამოვედი, შოკისგან თავში ხელი შემოვირტყი. როგორ შეიძლება მინდოდეს ჰილარი? ის სახეა ყველაფერი იმისა, რასაც მე პოლიტიკაში ვეწინააღმდეგები: არა მარტო გადასახადების გაზრდასა და რაღაცეების ნაციონალიზაციას, არამედ ფართოდ გავრცელებულ პოლიტკორექტულობას".
ისლამზე (2005 წელი): "ყურანის ყველა არამუსლიმი მკითხველისთვის ისლამოფობია ბუნებრივი რეაქციაა და, მეტიც, ყურანი ზუსტად ამ გრძნობის გასაღვიძებლადაა შექმნილი. ყურანს თუ განვიხილავთ, სულ რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ რას ქადაგებენ მეჩეთებში, ისლამი თავისი შეუწყნარებლობით არამორწმუნეთა მიმართ ყველა რელიგიას შორის ყველაზე სექტანტურია".
2008 წლის პეკინიკის ოლიმპიადაზე: "ფაქტორბივად, ყველა საერთაშორისო სპორტი ბრიტანეთშია გამოგონილი ან კოდიფიცირებული. მე ამას მოკრძალებით ვეუბნები ჩვენს ჩინელ მასპინძლებს, რომლებმაც შესანიშნავად გამოიჩინეს თავი მაგიდის ჩოგბურთში. მაგიდის ჩოგბურთი გამოიგონეს ინგლისში, სასადილო მაგიდებზე, მე-19 საუკუნეში და მას ეწოდებოდა Wiff-waff".
აღსანიშნავია ისიც, რომ ბორის ჯონსონმა 1000 ფუნტი მიიღო ჯილდოდ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანზე დაწერილი შეურაცხმყოფელი ლექსისთვის. ჯონსონმა აღნიშნული ლექსი მას შემდეგ დაწერა, რაც ერდოღანმა გერმანელ კომიკოსზე, რომელმაც თურქეთის პრემიერმინისტრზე იხუმრა, სამართლებრივი დევნა გამოაცხადა.





