რუსთავი 2-ის საქმე

სამოქალაქო საზოგადოება: ფიზიკურად დავიცავთ R2-ს ხელისუფლების ძალადობისგან

ტაბულა

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა უზენაეს სასამართლოსთან საგანგებო მიმართვა გააკეთეს. მათი განცხადებით, მოსამართლეებმა უნდა გაიაზრონ, რომ რუსთავი ორის დაცვა არ არის ერთი რომელიმე პარტიის ინტერესი. ისინი მოუწოდებენ უზენაეს სასამართლოს, განიხილოს რუსთავი ორის საქმე და იმოქმედოს "არა ერთი მოქალაქის ახირების, არამედ საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვით". სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს პრეზიდენტს და საერთაშორისო საზოგადოებასაც მიმართავენ. ისინი აღნიშნავენ, რომ არ დაუშვებენ უკანონო გადაწყვეტილების აღსრულებას.

"ამ დღეებში საქართველოში წყდება ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი და ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული მედიის ბედი. უზენაესმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელებს თუ არა არსებობას პრორუსული ნარატივისგან თავისუფალი და ყველაზე მსხვილი მედია.

მოვუწოდებთ მოსამართლეებს, გაიაზრონ, რომ რუსთავი ორის დაცვა არ არის ერთი რომელიმე პარტიის ინტერესი. საქართველოს თითოეული მოქალაქის ცხოვრება და კეთილდღეობა, მიუხედავად მათი პოლიტიკური გემოვნებისა, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ამ ტელევიზიასთან მიმართებით.

მივმართავთ საქართველოს უზენაეს სასამართლოს - გაითვალისწინეთ, რომ თქვენს ხელშია საქართველოს დემოკრატიული მომავალი. გთხოვთ განიხილოთ რუსთავი ორის საქმე და იმოქმედოთ არა ერთი მოქალაქის ახირების, არამედ საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვით.

მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოსაც. ჩვენ ვიცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ძალიან დიდი წნეხის ქვეშ უწევს მუშაობა. ვიცით, რომ მოსამართლეებზე მიმდინარეობს ზეწოლა. გვესმის, რომ სასწორზე დევს მოსამართლეების პირადი უსაფრთხოება. მაგრამ გთხოვთ, მხედველობაში მიიღოთ, რომ თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს თავისუფალი მომავლის უზრუნველსაყოფად.

მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს და შევახსენებთ, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უზენაესი სასამართლოს მოქმედებებზე მასაც ეკისრება - მოსამართლეები მისი რჩეულები არიან.

საერთაშორისო საზოგადოებას კი ვთხოვთ, კიდევ ერთხელ შეახსენოს ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს ხელისუფლებას, რა შედეგებს მოუტანს საქართველოს ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი რუსთავი ორის დაკარგვა.

ამასთან, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ჩვენ პირველი დღეებიდან ვაკვირდებით სასამართლო პროცესს, რომელსაც რთულია, სამართლიანი ან თუნდაც ტექნიკურად მაინც, სამართლებრივად გამართული უწოდო. ასევე, ძალიან კარგად გვესმის, რომ ივანიშვილს და მის გუნდს განსაკუთრებით აფრთხობს რუსთავი ორის მიერ 8 ოქტომბერს დაგეგმილი ეგზიტ-პოლი და რუსთავი ორის როლი ამომრჩეველთა ხმების დაცვის საქმეში და ამიტომ მიდის ასეთ რისკზე.

ჩვენ არ ვაპირებთ, ხელისუფლებას მივცეთ შესაძლებლობა, წაგვართვას ხმა, რომელიც რუსთავი ორიდან ისმის. ჩვენ ფიზიკურად დავიცავთ რუსთავი ორს ხელისუფლების ძალადობისგან და არ დავუშვებთ უკანონო გადაწყვეტილების აღსრულებას", - განაცხადეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა უზენაეს სასამართლოსთან გამართულ აქცია-ბრიფინგზე.

რუსთავი 2-ის ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივარი შეიტანეს. ადვოკატების განცხადებით, საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით განსაზღვრულ ყველა კრიტერიუმს, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობაც საკმარისია საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისთვის.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება 10 ივნისს გამოაცხადა. მოსამართლეთა კოლეგიამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის თანახმადაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია პანორამას მიეკუთვნა.

გადაწყვეტილების გამოცხადებისას მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარე ნატა ნაზღაიძემ თავად აღნიშნა, რომ მხარე გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა უნდა გამოცხადებულიყო. თუმცა, სასამართლომ მხარეებს გადაწყვეტილება 12 დღეში, 22 ივნისს გაუგზავნა. სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრება უზენაეს სასამართლოში შეიძლება მისი ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში. რუსთავი 2-ის ადვოკატების შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ იმის გამო, რომ გადაწყვეტილება მხარეებს ადრე გაუგზავნა, მათ 18 დღე მოპარა. მათივე მოსაზრებით, ხელისუფლების დავალებაა, რომ უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საჩივარი წარმოებაში არ მიიღოს. 

კომენტარები