ქართული ოცნება

ზოიძე: ივანიშვილის ყველაზე დიდი შეცდომა პრემიერობიდან გადადგომა იყო

curatiofoundation.org

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს საარჩევნო სიის ახალმა წევრმა, აკაკი ზოიძემ ტაბულასთან საუბარში ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დიდ შეცდომად პრემიერმინისტრობიდან გადადგომა დაასახელა. მისი თქმით, ქვეყნისთვის სასურველი იქნებოდა, რომ არ გადამდგარიყო.

"მან თავიდანვე განაცხადა, რომ დროებით მოდიოდა პოლიტიკაში და მის მემკვიდრედ ტოვებდა თავის შექმნილ გუნდს, რომლითაც გარანტიას აძლევდა ქვეყანას, რომ არ ჩაეფლობოდა დიქტატურაში. ამის მიუხედავად, მაინც მიმაჩნია, რომ ჯობდა დარჩენილიყო ხელისუფლების სათავეში ამ ოთხი წლის ამოწურვამდე. ასევე, შეცდომას არ დავარქმევ, მაგრამ მის ადგილას ცოტა უფრო შევწუხდებოდი იმ ფონზე, როდესაც ამდენ სიკეთეს აკეთებს და ხშირ შემთხვევაში არასწორად და არაადეკვატურად აღიქვამენ საზოგადოების გარკვეული წევრები“, - აღნიშნა ზოიძემ.

ტაბულა დაინტერესდა, აწუხებს თუ არა აკაკი ზოიძეს ივანიშვილის ჩარევა ფორმალური პასუხისმგებლობის გარეშე მთავრობის საქმიანობაში, რაზეც მან განაცხადა, რომ „არ მგონია, რომ ყოველდღიურ საქმიანობაში ერეოდეს, თუმცა თუ ეს ასეა, მე არ მომწონს“.

ქართული ოცნების საარჩევნო სიის ახალმა წევრმა აღნიშნა, რომ რჩევა ივანიშვილისთვის არასდროს უკითხავს და მას მხოლოდ ერთხელ, პოლიტსაბჭოს ყრილობაზე შეხვდა. მისი თქმით, მომავალში თუ დასჭირდა, რჩევის კითხვა არ მოერიდება.

"ნამდვილად არ ვიცნობ შემთხვევებს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ერეოდა მთავრობის საქმიანობაში. კარგად იცით, რომ მე მთავრობის წარმომადგენელი არ გახლავართ და  მხოლოდ და მხოლოდ ახლა შევედი ქართული ოცნების გუნდში. ზოგადად, ბიძინა ივანიშვილის როლი მხოლოდ პოზიტიურად წარმომიდგება ამ საზოგადოებაში. მისი კონკრეტული როლი, როგორ ერევა მთავრობის საქმიანობაში და რჩევას თუ ეკითხებიან, სიმართლე გითხრათ, ამის თაობაზე ინფორმაცია არ მაქვს. ერთხელ შევხვდი ყრილობაზე, როცა ამირჩიეს პოლიტსაბჭოში და ხელი ჩამოვართვი. ეს იყო მთელი ჩემი კონტაქტი ბატონ ბიძინასთან. არც მომერიდება თუ დამჭირდა, რაიმე რჩევა ვკითხო, თუ ექნება ამის სურვილი და დრო, რომ ეს გააკეთოს, მივალ და რჩევასაც ვკითხავ“,- ამბობს ზოიძე.

ტაბულასთანვე საუბარში ზოიძემ აღნიშნა, რომ ივანიშვილს საზოგადოებაში ავტორიტეტი აქვს და მისი როლი საკმაოდ დიდია.

"ბიძინა ივანიშვილის როლი თვითონ ქართული ოცნების დაფუძნებაში და სისტემური დანაშაულის მქონე რეჟიმის დანგრევაში საკმაოდ მნიშვნელოვანია, ავტორიტეტი აქვს და საზოგადოებაში მას საკმაოდ დიდი როლი აქვს“.

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აკაკი ზოიძე ქართული ოცნების საარჩევნო სიის წევრად დღეს დაასახელა.

"გახლავთ კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული საერთაშორისო და სახელმწიფო მართვის მიმართულებით. აქვს საჯარო სამსახურის 7-წლიანი გამოცდილება. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ევროპის და აზიის 15 ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების პროცესში როგორც მსოფლიო ბანკის, გაეროს, ევროგაერთიანების და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ექსპერტს. ბატონი აკაკი წარმატებულია თავის საქმეში და, დარწმუნებული ვარ, ასეთივე წარმატებული იქნება პოლიტიკაშიც“,- აღნიშნა პრემიერმა აკაკი ზოიძის წარდგენისას.

კომენტარები