კორცხელის ინციდენტი

პრეზიდენტი კორცხელის ინციდენტის არაეფექტური გამოძიების გამო უკმაყოფილოა

primetimenews.ge

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკმაყოფილოა კორცხელის ინციდენტის არაეფექტური გამოძიების გამო. ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს სამართალდამცველ ორგანოებს აქტიური და სამაგალითო გამოძიებისკენ. ამის შესახებ დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოველკვირეულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ისაუბრა.

"მინდა, ყურადღება შევაჩერო კორცხელის ინციდენტის გამოძიებაზე. ორი თვე გავიდა კორცხელში მომხდარი დანაშაულებრივი, სამარცხვინო ინციდენტიდან - შემთხვევიდან, რომელიც დგას საერთაშორისო ფორუმების დღის წესრიგში. პრეზიდენტმა პირველივე დღეს დააფიქსირა საკუთარი ნეგატიური პოზიცია და მოითხოვა სამაგალითო გამოძიება, რაც საპარლამენტო არჩევნების წინ ნათელი გზავნილი იქნებოდა იმისა, რომ ძალადობა მიუღებელია. ამას მოჰყვა მაღალი თანამდებობის პირების მკაცრი შეფასებები და იმედის მომცემი დაპირებები. სამწუხაროდ, დაპირებები დაპირებებად დარჩა და დღეს ჩვენ ადეკვატური შედეგი არ გვაქვს. საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სამართალდამცველ ორგანოებს, გაააქტიურონ საგამოძიებო მოქმედებები და მოხდეს ამ ინციდენტის ეფექტური და სამაგალითო გამოძიება.

პრეზიდენტის აზრით, სახელმწიფომ ადეკვატური სამართლებრივი პასუხი უნდა გასცეს იმ ადამიანებს, რომელთაც არჩევნები მუშტი-კრივის ასპარეზად აქვთ წარმოდგენილი. ეფექტური გამოძიება მომავალი შესაძლო ძალადობის პრევენციისთვის აუცილებელია. ეს იქნება სწორი გზავნილი მათთვის, ვისაც არჩევნები არა პოლიტიკური დაპირისპირების, არამედ ფიზიკური ორთაბრძოლის ჭრილში აქვს წარმოდგენილი", - თქვა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

22 მაისს საკრებულოს შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას სოფელ კორცხელში ძალადობრივი ინციდენტი მოხდა, რა დროსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და პარტიის მხარდამჭერებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ნოშრევან წურწუმიას, გიორგი გიგაურს, გიორგი გოგიძეს, კობა ტყეშელაშვილს, გრიგოლ ტყემალაძესა და ვლადიმერ გეგეშიძეს ბრალი ხულიგნობის მუხლით წარედგინათ, 3 ივნისს კი ზუგდიდის სასამართლომ მათ გირაო შეუფარდა.

კომენტარები