ახალ პოლიტიკურ ცენტრ - გირჩსა და გიორგი ვაშაძის პარტია ახალ საქართველოს შორის ალიანსის შექმნაზე კონსულტაციები მიმდინარეობს. გირჩის თავმჯდომარემ ზურა ჯაფარიძემ TV პირველის კითხვაზე, „შესაძლებელია თუ არა, მოხდეს თქვენი გაერთიანება გიორგი ვაშაძის ახლადშექმნილ პარტიასთან?“, უპასუხა, რომ ისინი ამ საკითხზე კონსულტაციებს როგორც ვაშაძესთან, ისე სხვა პარტიებთან მართავენ.
„ჩვენ გვაქვს კონსულტაციები გიორგი ვაშაძესთანაც და სხვა რამდენიმე პარტიასთანაც, ცხადია, პროდასავლურ პარტიებს ვგულისხმობ. გირჩთან კონსულტაციები აქვს ბევრ პოლიტიკურ პარტიას და ბევრ პოლიტიკოსს. თუ, საბოლოო ჯამში, ჩვენი პრინციპები და ხედვები დაემთხვევა, გირჩისთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და ისიც, რომ პოლიტიკაში ახალ ადამიანებს გავუხსნათ გზა. ამ შემთხვევაში, ცხადია, შეიძლება, ვითანამშრომლოთ. ამის შესახებ ძალიან მალე ჩამოვყალიბდებით და ძალიან მალე გაიგებს საზოგადოება“, - ამბობს ჯაფარიძე.





