პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მიშველაძე: პრეზიდენტის აზრით, პოლიტიკურ ტაქტსაც აქვს ზღვარი

გვინდა, გამოვეხმაუროთ საქართველოს ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ წევრებს შორის ურთიერთბრალდებებს [აჰმედ ჩატაევზე], რასაც ბოლო დღეებში ვადევნებთ თვალს სტამბოლის ტერაქტის შემდეგ. განსაკუთრებით, გვინდა, ხაზი გავუსვათ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნის მიხეილ სააკაშვილის ზღვარგადასულ გამონათქვამებს. პრეზიდენტი კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ადასტურებს, რომ უკრაინა არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი და მეგობრული ურთიერთობიდან, ასევე დიპლომატიური ეტიკეტიდან გამომდინარე, ის ამ დრომდე თავს არიდებდა უკრაინელი მაღალჩინოსნის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოს სახელმწიფოზე თავდამსხმელი განცხადებების კომენტირებას. თუმცა, პრეზიდენტის აზრით, პოლიტიკურ ტაქტსაც აქვს ზღვარი. მაშინ, როდესაც ქართული სახელმწიფო და ქართველი ჯარისკაცები ტერორიზმს ებრძვიან არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმით, მონაწილეობენ საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში, ანტიტერორისტულ ოპერაციებში, საქართველოს ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების წევრები დაკავებულები არიან ერთმანეთისკენ თითის გაშვერით და უსაგნო ურთიერთბრალდებებით. მათ ავიწყდებათ, რომ აქვთ სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობა და საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგზე ზრუნვაში ლაპარაკობენ იმაზე მეტს, ვიდრე სათქმელია. ისინი, პირველ რიგში, ზიანს აყენებენ ქვეყნის სახელმწიფოებრიობას.

პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე.

კომენტარები