კორცხელის ინციდენტი

"კორცხელი - ხელისუფლების ფიზიკური ანგარიშსწორება ოპონენტებზე" - GDI-ის ანგარიში

საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ ანგარიშის - "კორცხელი - ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება" პრეზენტაცია გამართა. ანგარიშში ასახულია 2016 წლის 22 მაისს კორცხელში, საარჩევნო უბანთან განვითარებული მოვლენები, შეფასებულია სამართალდამცავ ორგანოთა საქმიანობის ეფექტურობა, როგორც პრევენციის, ისე სამართალდარღვევათა აღკვეთისა და გამოძიების წარმოების თვალსაზრისით. ასევე, მოყვანილია ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეფასებები. ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირებასა და მათ სამართლებრივ კვალიფიკაციას.

GDI-ს შეფასებით, 2016 წლის 22 მაისს კორცხელში მომხდარმა ძალადობამ კიდევ ერთხელ ცხადყო ის გამოწვევები, რომლის წინაშეც შესაძლებელია, აღმოჩნდეს ქვეყანა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, შუალედური არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენდა ის ფაქტი, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ ეს იყო ერთგვარი ტესტი და პოლიტიკური ძალების მიერ შესაძლებლობების მოსინჯვა.

"სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებდა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მაღალ ინტერესს, როგორც უშუალოდ საარჩევნო პროცესისადმი, ისე არჩევნების შედეგებისადმი. კორცხელში გამოვლენილმა ძალადობამ, რაც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ ანგარიშსწორებაში გამოიხატა, კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა, თუ რა შედეგი მოაქვს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ძალადობის პირდაპირ თუ ირიბ წახალისებას. არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე წლებია ძალადობის წახალისებად მივიჩნევთ და ვაპროტესტებთ ხელისუფლების მიერ
საკუთარი მხარდამჭერი მოძალადე პირების ქცევის მიმართ ლმობიერ დამოკიდებულებას (სამართალდამრღვევათა მიმართ არასათანადო რეაგირება და სახელისუფლებლო პოლიტიკოსთა მხრიდან ძალადობრივი ქცევის მოწონება/გამართლება)", - ნათქვამია GDI-ის ანგარიშში და აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი როგორც წინასაარჩევნო, ასევე სრული საარჩევნო ციკლის პროცესში.

"თავისუფალი და მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა ხელისუფლების უპირობო ვალდებულებას წარმოადგენს. კორცხელში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ სახელმწიფო უარს ამბობს განახორციელოს პოლიტიკური ნიშნით ჩადენილ დანაშაულთა პრევენცია, გამოავლინოს და აღკვეთოს მსგავსი ფაქტები, სათანადო კვალიფიკაცია მისცეს მოძალადეთა ქმედებებს და დასაჯოს ისინი. უფრო მეტიც, ხელისუფლების დამოკიდებულება კორცხელში მომხდარი ფაქტის მიმართ საზოგადოების ნაწილში საფუძვლიანად აჩენს ეჭვებს პოლიტიკური მოტივით სამართლის შერჩევითად გამოყენებისა და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მოძალადეებთან პირდაპირ კავშირის თაობაზე. განსაკუთრებით დამაფიქრებელია შემთხვევის ადგილზე მყოფ სამართალდამცავთა უმოქმედობა, რომლებსაც არც ძალადობის პრევენციის მცდელობა ჰქონიათ და არც მოძალადე სამართალდამრღვევი პირები დაუკავებიათ. საგამოძიებო ორგანოების მიერ სამართალდამრღვევთა გამოვლენისა და პასუხისგებაში მიცემის გა ჭიანურებამ, რასაც თან ახლდა სამართალის შერჩევითი გამოყენება საზოგადოებაში მათდამი უნდობლობა კიდევ უფრო გააღრმავა", - აცხადებს GDI.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის შეფასებით, კორცხელში განვითარებული ძალადობის პროცესში სამართალდამცავთა უმოქმედობა საფუძვლიან ეჭვებს აჩენს ქვეყანაში შერჩევითი სამართლის არსებობაზე.

"ასეთი მიკერძოებული მიდგომა განსაკუთრებით თვალში საცემია, თუ ერთმანეთს შევადარებთ სამართალდამცავთა რეაგირებას მმართველი გუნდის და მათ მხარდამჭერთა წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებისადმი და იმ შემთხვევებს, როდესაც საქმე ეხება მმართველი პოლიტიკური ძალის ოპონენტების მიმართ განხორციელებულ ძალადობას. კორცხელში ძალადობაზე არაეფექტური რეაგირებისგან განსხვავებით პოლიციის თანამშრომლები მობილიზებულნი არიან გამოიყენონ ყველაზე მკაცრი ადმინისტრაციული სამართლებრივი ღონისძიება, დაკავებაც კი, მაშინ, რო-დესაც საქმე ეხება ხელისუფლებისთვის არასასიამოვნო შინაარსის შემცველი პლაკატების საჯარო სივრცეში გაკვრას და პროტესტის გამოხატვის შემთხვევებს", - ნათქვამია ანგარიშში.

GDI აღნიშნავს, რომ კორცხელის ძალადობრივი ინციდენტი და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენათა ქრონოლოგია ნეიტრალურ დამკვირვებელს უჩენს საფუძვლიან ეჭვს სახელმწიფოს მხრიდან აზრის/პოლიტიკური შეხედულების და არჩევანის თავისუფლების წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედებებზე.

"შემაშფოთებლად მიგვაჩნია ძალადობის ასეთ შემთხვევებზე სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა. დანაშაულებრივი ქმედებების კვალიფიკაციაზე უარის თქმა ან მათი არასრული/არასწორი კვალიფიკაცია, კანონის მოთხოვნათა უხეში უგულვებელყოფა, უარის თქმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მართლწესრიგის საფრთხისგან დაცვაზე უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და უნდობლობას აღრმავებს სამართალდამცავი ორგანოების მიმართ. ამ უკანასკნელის მხრიდან მსგავსი უმოქმედობა აძლიერებს ეჭვს ხელისუფლების მიერ მოძალადეთა მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებასა და მხარდაჭერის თაობაზე. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ხელისუფლების მაღალი თანამ- დებობის პირთა მონაწილეობა პოლიტიკური ძალადობის წაქეზებასა და მის სავარაუდო ორგანიზებაში. მიგვაჩნია, რომ საგამოძიებო ორგანოებმა უნდა შეძლონ კონსტიტუციით გარანტირებული კანონის უზენაესობის დაცვა და ჩაატარონ სწრაფი, ეფექტური და გამჭირვალე გამოძიება, რომელიც გაზრდის სამართალდამცავი ორგანოების მიმართ სანდოობას და გააქარწყლებს ეჭვებს პოლიტიკაში მათ იარაღად გამოყენებასთან დაკავშირებით. ამავდროულად, 2016 წლის არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩასატარებლად, სადაც გარანტირებული იქნება ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, აუცილებელია სახელმწიფომ ეფექტური ზომები მიიღოს კორცხელში ჩადენილი ძალადობის ფაქტების სრულად და ეფეტურად გამოსაძიებლად, მოძალადე პირების გამოსავლენად და მათ მიმართ სწრაფი მართლმსაჯულების განსახორციელებლად. აღნიშნულის მისაღწევად მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს კორცხელში მოძალადე პირების მიმართ სასამართლოში საქმის განხილვის დასრულება და დამნაშავე პირების მსჯავრდება", - ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები