თავისუფალი დემოკრატები

თავისუფალი დემოკრატების დაპირება 500-ლარიანი მინიმალური ხელფასის დაწესებაა

facebook.com/alasaniairakli

დღეს თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ ხელფასებთან, პენსიებთან და საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით პარტიის ხედვა წარადგინა. ახალი პროგრამის მიხედვით, პარტია საქართველოში მინიმალური ხელფასის დაწესებას გეგმავს, რაც თვეში 500 ლარის ოდენობით უნდა განისაზღვროს (სამუშაო საათში 3 ლარი). ხანდაზმულთა პენსიების ზრდას პარტია მინიმუმ 300 ლარამდე გეგმავს. პარტიაში ფიქრობენ, რომ მათი ინიციატივა მოსახლეობის კეთილდღეობას გაზრდის.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ონოფრიშვილი ტაბულას კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა მინიმალური ხელფასის დაწესება დასაქმებულთა ნაწილის უმუშევრად დარჩენას, პასუხობს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება თავად ბიზნესებმა უნდა მიიღონ.

"გაშვება-არგაშვება - ეს ბიზნესმა უნდა გადაწყვიტოს. ჯერ ეს ერთი, ეს თუ მცირე ბიზნესია, ისინი სულ სხვა სტატუსით სარგებლობენ. არის მიკრობიზნესი, არის მცირე ბიზნესი, მათთვის ჩვენ სხვა ცვლილებები გვაქვს მომზადებული, რომლითაც ისინი ნაკლებად დაიბეგრებიან. სერიოზულმა კომპანიებმა კი ეს ცვლილება უნდა მიიღონ, ჩვენს ქვეყანაში მონური შრომით არავინ არ უნდა იცხოვროს. ეს 3 ლარიც არის ძალიან მინიმალური. ასეთი საკანონმდებლო ინიციატივები აღმოსავლეთ ევროპაში, ბალტიისპირეთში უკვე 10-15 წელია, არსებობს", - ამბობს დავით ონოფრიშვილი.

ეკონომისტები მინიმალური ხელფასის შესაძლო დაწესებას ნეგატიურად აფასებენ და ამბობენ, რომ მსგავსი ცვლილება შრომის ბაზარზე უარყოფითად აისახება, რადგანაც ის ქვეყანაში ბიზნესის კეთებას გააძვირებს. თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი ბესო ნამჩავაძე იმ რამდენიმე შედეგს ასახალებს, რომლებიც შესაძლოა მინიმალური ხელფასის დაწესებას მოჰყვეს:

  • უმუშევრობის ზრდა
  • ბიზნესის კეთების გაძვირება
  • პროდუქტის ფასების გაზრდა
  • არალეგალური შრომის ხელშეწყობა
  • ინვესტიციების მოზიდვის ხელისშეშლა

მინიმალური ხელფასის დაწესებამ შესაძლოა, ზოგიერთ მეწარმეს დასაქმებულთა შემცირებისკენ უბიძგოს. თუკი კომპანიებს არ ექნებათ იმის საშუალება, რომ ყველა დასაქმებულს 500-ლარიანი ხელფასი გადაუხადონ, ამ შემთხვევაში მათ შესაძლოა, თანამშრომელთა შემცირება მოუწიოთ იმისთვის, რათა ყველა დარჩენილი დასაქმებულისთვის 500-ლარიანი ხელფასი შეინარჩუნონ. 

ცვლილებებმა შესაძლოა, ბიზნესის კეთების რეიტინგებში საქართველოს რეიტინგის გაუარესებაც გამოიწვიოს. 

კომენტარები