ტრანსფობია

WISG: ტრანსგენდერ ქალს ლურსმნიანი ჯოხით სცემეს, პოლიცია უმოქმედო იყო

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ინფორმაციით, 2016 წლის 25 ივნისის ღამეს, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც მან სხეულის დაზიანება მიიღო. კერძოდ, დაზარალებული ამბობს, რომ თავდამსხმელმა მას მარჯვენა მკლავზე ჭრილობები ლურსმნიანი ჯოხით მიაყენა.

"დაზარალებულის ინფორმაციით, მან საპატრულო პოლიცია გამოიძახა, თუმცა სამართალდამცავებს არც დამნაშავის დაკავება უცდიათ და არც სხვა სახის რეაგირება განუხორციელებათ. აღნიშნული ფაქტის გასაპროტესტებლად დანაშაულის ადგილას შეკრებილმა ტრანსგენდერმა ქალებმა ხელახლა გამოიძახეს ეკიპაჟი და მოითხოვდნენ მათგან რეაგირებას დანაშაულზე, რომელიც სავარაუდოდ ტრანსფობიურ ნიადაგზე იყო ჩადენილი. მეორე გამოძახებაზე გამოცხადებულმა ეკიპაჟმა ტრანსგენდერი ქალების პროტესტი სამართალდარღვევად ჩათვალა, ოთხი მათგანი დააკავა და შესაბამის განყოფილებაში გადაიყვანა" - აცხადებს ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და აღნიშნავს, რომ ორი დაკავებულის ინტერესებს სასამართლოში მათი იურისტი ქეთი ბახტაძე იცავდა.

"ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, პოლიცია დაკავებულებს 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებოდა და მოითხოვდა მათ დაჯარიმებას 250 ლარით. პასუხისგებაში მიცემული ტრანსგენდერი ქალები არ აღიარებდნენ სამართალდარღვევას, მაგრამ ამბობდნენ, რომ პოლიციის მოქმედებების გაპროტესტების დროს, ისინი ხმამაღლა საუბრობდნენ. ასევე, მათი განმარტებით, პოლიციელის მოთხოვნას მყისიერად დაემორჩილნენ. თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, ტრანსგენდერი ქალების მხრიდან ადგილი ჰქონდა მცირემნიშვნელოვან ადმინისტრაციული სამართალდარღვევას. მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ ისინი გაათავისუფლა პასუხისმგებლობისაგან" - იუწყება WISG.

იურისტ ქეთი ბახტაძის შეფასებით, ის ფაქტი, რომ ტრანსგენდერმა ქალებმა ხმამაღალი საუბრით გააპროტესტეს პოლიციის უმოქმედობა, არ შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად. მისი თქმით, დაჯარიმება ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნებს.

„მათი პროტესტი ემსახურებოდა კანონიერ მიზანს და პოლიცია ვალდებული იყო, რეაგირება მოეხდინა დანაშაულზე, რომელიც მიმართული იყო ტრანსგენდერთა დევნაზე, რაც სისტემატიურ ხასიათს ატარებს. უფრო მეტიც, პოლიციის მთავარი ამოცანა დანაშაულის პრევენციაა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ვერ განახორციელეს და არამცთუ არ დაინტერესდნენ და რეაგირება არ მოახდინეს ტრანსგენდერი ქალის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე, უფრო მეტიც, დააკავეს თავად დაზარალებული და მომხდარის მოწმეები," - ამბობს ქეთი ბახტაძე. მისი შეფასებით, პოლიციის ქმედებები ტრანსგენდერ ადამიანთა უფლებების უგულებელყოფა, მათი არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება და დისკრიმინაციის წახალისებაა.

შსს-ს ინფორმაციით კი, 25 ივნისის ღამეს გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 125-ე მუხლით (ცემა) დაიწყო, რაც დაჯარიმებას ან ერთ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები