პრემიერი IEA-ს კვლევაზე: ტექდათვალიერება აუცილებლად უნდა აღვადგინოთ

facebook.com/KvirikashviliOfficial

International Energy Agency-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით საქართველო პირველ ადგილზეა, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, "ჩვენ მომავალში აუცილებლად შემოვიღებთ ტექნიკური დათვალიერების სწორ სისტემას, რომელიც ხელმისაწვდომი, კორუფციისგან თავისუფალი და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისი იქნება".

პრემიერის შეფასებით, ჰაერის დაბინძურების კუთხით, საქართველოში მართლაც არასახარბიელო ვითარებაა. მისი თქმით, ტექნიკური დათვალიერების მთლიანად გაუქმების თაობაზე წლების წინ მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად არასწორი იყო.

"იმის მაგივრად, რომ ჩვენ დაგვეხვეწა ამ კუთხით არსებული რეგულაციები და ტექნიკურად მოგვეწესრიგებინა, რომ არ ჰქონოდა ამას მახინჯი ფორმა, რაც წარსულში მართლაც ჰქონდა, საერთოდ გავაუქმეთ ტექნიკური დათვალიერება. ვფიქრობ, აუცილებლად უნდა აღვადგინოთ, მაგრამ საუკეთესო ევროპული პრაქტიკით. ჩვენ გვაქვს გეგმები, მოვიწვიოთ საერთაშორისო კომპანიები, რათა სწორი სისტემა ჩამოვაყალიბოთ, საერთოდ გამოვრიცხოთ კორუფცია ამ სისტემაში და რაც მთავარია, ის იყოს ხელმისაწვდომი. დღეს ჩვენი ბავშვები ავადდებიან და ბავშვთა ასაკში სიმსივნის მაჩვენებელი საქართველოში ძალიან მაღალია. ვერავითარ შემთხვევაში ვერ შევწირავთ ჩვენი მომავალი თაობის ჯანმრთელობას იმას, რომ საქართველოს ჰქონდეს საამაყო, რომ ნაკლები რეგულაციები აქვს. დასაცავია სწორი ბალანსი რეგულაციებსა და მოსახლეობის ჯანმრთელობას შორის", - თქვა პრემიერმინისტრმა.

ცნობისათვის, International Energy Agency-ის კვლევის თანახმად, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მიხედვით, 100 ათას მოსახლეზე საქართველო პირველ ადგილზეა. სიაში საქართველოს ბულგარეთი და ჩინეთი მოსდევს. სიის ბოლო სამ ადგილს კი აშშ, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ბრუნეი იკავებენ.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში არ არის ახსნილი, თუ რატომ მოხვდა საქართველო სიის სათავეში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2016 წლის მონაცემების მიხედვით კი, მსოფლიო ქალაქებს შორის გარემოს დაბინძურების მიხედვით თბილისი 570-ე ადგილზეა.

კომენტარები