საზოგადოებრივი აზრის კვლევა

GFK: ქართული ოცნება - 22.4%, ენმ - 21.7%

გერმანულ-ამერიკული ორგანიზაციის - GFK - ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 22.4% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, ხოლო 21.7% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. GFK-მ კვლევა რუსთავი 2-ის დაკვეთით, 7-22 ივნისს ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობა 2 200-მა ადამიანმა მიიღო. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.1%-ია. 

კითხვაზე, "თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?", გამოკითხულთა 22.4% პასუხობს, რომ ქართულ ოცნებას. 21.7% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს, 7.8% - პაატა ბურჭულაძის პარტიას "სახელმწიფო ხალხს", ხოლო 6.2% - თავისუფალ დემოკრატებს.

არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, ლეიბორისტულ პარტიას გამოკითხულთა 2.8% მისცემდა ხმას, პატრიოტთა ალიანსს - 2.2%,
ნინო ბურჯანაძის პარტიას - 1.6 %, რესპუბლიკურ პარტიას - 0.6 %, ახალი საქართველო - გიორგი ვაშაძე - 0.5 %, პოლიტიკური ცენტრი - გირჩი 0.3 %.

გამოკითხულთა 3.9% აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ხმას არცერთ პარტიას არ მისცემდა. პასუხზე უარი თქვა 10.0%-მა, ხოლო "მიჭირს პასუხის გაცემა/ჯერ არ გადამიწყვეტია" - 19.4 %.

ამასთან, კითხვაზე, "დაზუსტებით, ჩამოთვლილთაგან რომელ პარტიას არ მიცემთ ხმას 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე", გამოკითხულთა 21.7% აცხადებს, რომ ერთიან ნაციონალური მოძრაობას. ხოლო ქართულ ოცნებას ხმას კვლევაში მონაწილეთა 16.3% არ მისცემდა. პასუხზე უარი თქვა 19.6%-მა, 27.1% კი აცხადებს, რომ "მიჭირს პასუხი/ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი".

კომენტარები