სავალდებული სამხედრო სამსახური

ცვლილება წვევამდელთა მცირე ნაწილს ეხება. მთავრობა და პრეზიდენტი უკმაყოფილოა

თინა ხიდაშელი, გიორგი მარგველაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომ 2017 წლიდან სამხედრო-სავალდებულო სამსახურში მოქალაქეები აღარ გაიწვიონ, წვევამდელების მხოლოდ  მცირე ნაწილს შეეხება. განსხვავებით თავდაცვის სამინისტროსგან, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროები მოქალაქეებს კვლავაც სავალდებულო წესით გაიწვევენ.

2015 წელს წვევამდელების საერთო რაოდენობა 6 436-ს შეადგენდა. მათ შორის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაწვეულთა წილი მთლიანი რაოდენობის  24,8% (1 599 ადამიანი) იყო.თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა, ბრძანებას, რომლის მიხედვითაც უწყება წვევამდელებს აღარ გაიწვევს, დღეს, 27 ივნისს, მოაწერა ხელი. 

მინისტრის გადაწყვეტილებას მმართველი გუნდის მხრიდან უკვე მოყვა უარყოფითი შეფასებები.

ხიდაშელის „ერთპიროვნულ“ გადაწყვეტილებას არ იწონებენ არც კანცელარიაში და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება შესაბამის დასტურს საჭიროებს და ის უშიშროების საბჭომაც უნდა განიხილოს. დღესვე გაირკვა, რომ თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა ქვეყნის მთავარსარდალმა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებებს ერთი თანამდებობის პირი არ უნდა იღებდეს.

„არ არის გაუქმებული არანაირი სამსახური. არის პოზიცია, რომ არ მოხდეს კვოტის ათვისება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან, ეს არის ზუსტი განსაზღვრება იმისა, რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული. მინდა, დავეთანხმო ბატონ პრემიერმინისტრს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები, მიუხედავად იმისა რამდენად სწორია, ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები, არ უნდა იქნას მიღებული ერთი თანამდებობის პირის მიერ, არამედ უნდა იქნას განხილული კოლეგიალურად როგორც მთავრობის სხდომაზე, ასევე უშიშროების საბჭოში,“ თქვა პრეზიდენტმა. „მე საქმის კურსში არ ვყოფილვარ“ - დაამატა მან.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ ხიდაშელის გადაწყვეტილება „ცალმხრივი“ იყო. სესიაშვილის თქმით, იმ პირობებში, როცა მინისტრმა იცის, რომ შესაძლოა თანამდებობა სულ რაღაც ორ კვირაში დატოვოს, ასეთი გადაწყვეტილების მიღება, „მინიმუმ არასერიოზულია, თუ არა უპასუხისმგებლო.“ 

პოლიტიკისა და სამართლის მკვლევარი, გიორგი ნონიაშვილი, ამბობს, რომ სჯობდა შსს-სა და სასჯელაღსრულების სამინისტროს ეთქვა უარი წვევამდელების გაწვევაზე, ვიდრე თავდაცვის სამინისტროს, რადგან მისი თქმით, ამ ორი უწყების მიერ მოქალაქეთა გაწვევა არაფერია, თუ არა იაფი მუშახელის გამოყენება და შრომითი ექსპლუატაცია.

„თუ ჩვენ ადამიანებს ვიწვევთ იმისთვის, რომ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა პასუხობდეს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას, შსს-და და სასჯელაღსრულების სამინისტრო საერთოდ არ ჯდება ამ კონტექსტში. სჯობდა, რომ პირიქით გაეკეთებინათ. რაც თავდაცვისუნარიანობასთან იყო დაკავშირებული ის გააუქმეს და რაც არ იყო დაკავშირებული, ის დატოვეს,“ - ამბობს ნონიაშვილი

„ხშირად არის საუბარი იმაზე, რომ შსს-სა და სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გაწვეული ახალგაზრდები უფუნქციოდ დგანან ყარაულებად, ე.წ. „ვიშკებსა“ თუ საჯარო დაწესებულებების კარებზე და ა.შ. ეს ყველაფერი ისევ რჩება და არაფერი გაუქმებულა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის პრობლემა იმიტომ, რომ რეალურად სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილი უნდა იყოს სამხედრო ტიპის დაწესებულებაში, ამ შემთხვევაში, საუბარია თავდაცვის სამინისტროზე,“ - ამატებს ნონიაშვილი. 

შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების სამინისტროებს, ხიდაშელის გადაწყვეტილების შემდეგ, კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. თუმცა, 3 მარტს პარლამენტში „გირჩის“ ინიციატივის განხილვისას, შსს-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უწყება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების ინიციატივას მხარს არ უჭერს. მათი განცხადებით, თუ სავალდებულო სამხედრო სამსახური გაუქმდება, სამინისტრო იძულებული გახდება, დაცვის ღონისძიებებისთვის ათეულობით მილიონი ლარი გამოყოს, რისი საშუალებაც არ აქვთ.

 

კომენტარები