ლარი დღეს დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის ოფიციალური შედეგებით, გაუფასურებამ დოლართან მიმართებით 1.9 თეთრი შეადგინა, ევროსთან კი, 4.9 თეთრი. 1 აშშ დოლარი 2.2431 ლარი ღირს, ხოლო 1 ევრო - 2.5603 ლარი. წინა ოფიციალური კურსით, 1 დოლარის ფასი 2.2240 ლარი იყო, 1 ევროსი კი - 2.5111. ერთი კვირის წინ ერთი დოლარის ღირებულება 2.1322 ლარს შეადგენდა.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მოსახლეობას მოუწოდებს აუცილებლობის გარეშე არ გადაახურდავონ ლარი დოლარში და პირიქით. ქუმსიშვილი ახლა არსებულ გაუფასურებას კომპანიების მიერ გაკეთებულ ერთჯერად მსხვილ ტრანზაქციებს უკავშირებს.
"ბაზარს ნამდვილად თვალს ვადევნებთ, ერთის მხრივ ეს არის ერთჯერადი ტრანზაქციები, ანუ ერთჯერადი მსხვილი მოთხოვნები არის. მეორეს მხრივ მე მინდა ყველას მოვუწოდო, განსაკუთრებით ჩვეულებრივ მოსახლეობას, ვისაც არ აქვს სპეციალური ცოდნები უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებით ძალიან გთხოვთ იყიდეთ მაშინ როცა გჭირდებათ და გაყიდეთ მაშინ როცა გჭირდებათ. არ შეიქმნათ არასწორი მოლოდინები, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდება. ეს არის ძალიან მნიშვენლოვანი, რომ სამწუხაროდ მოსახლეობა ყოველთვის აკეთებს პირიქით, ანუ ყველაზე მაღალ კურსზე როგორც წესი ყიდულობს ხოლმე და ყველაზე დაბალ კურსზე როგორც წესი ყიდის ხოლმე. მოვლენა რომელიც ახლა გვაქვს ერთჯერადია და ის ჩადგება თავის კალაპორტში. მაგრამ მინდა რომ ეს გზავნილი მივიდეს მოსახლეობამდე."- ამბობს დიმიტრი ქუმსიშვილი.





