გიორგი კვირიკაშვილი

ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებათა საბჭო იქმნება

facebook.com/KvirikashviliOfficial

საქართველოს მთავრობა, ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების დაგეგმვის საბჭოს ქმნის. საბჭო მიზნად საჯარო სექტორის ორგანიზებით ჩატარებული ღონისძიებების ბიზნეს სექტორთან კოორდინაციის გაზრდას ისახავს. პრემიერმინისტრის თქმით, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება დაფინანსდა, ამიტომაც ამ პროექტებში ბიზნესის ჩართულობა რაც შეიძლება მაღალი უნდა იყოს. 

"იქმნება საბჭო, რომელშიც შევლენ, როგორც მთავრობის წარმომადგენლები, ასევე ბიზნესის წარმომადგენლები, მსხვილი ტურისტული კომპანიების, სასტუმროების ქსელების და ასეთი ტიპის კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტირების პროცესის პარალელურად, მოხდება მომავალი წლის კალენდრისა და დასაფინანსებელი ღონისძიებების პრიორიტეტების განსაზღვრა. ამიტომ, ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, საბჭომ იმუშაოს ეფექტიანი ინსტიტუციური მექანიზმის შექმნის მიმართულებითაც. სავარაუდოდ, შეიქმნება არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც არ უნდა იყოს მომგებიანი ორგანიზაცია და ის, სახელმწიფო-კერძო სექტორის თანამონაწილეობით, განახორციელებს ასეთი ტიპის პროექტებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სასტუმრო ქსელების, ისე ტურისტებისთვის წინასწარ იყოს ცნობილი, როგორი კულტურული და გასართობი კალენდარი იქნება ქვეყანაში, რათა დაგეგმონ საკუთარი აქტივობები და მეორეს მხრივ, ტურიზმის ადმინისტრაციამ დაგეგმოს საქმიანობა, ასეთი ტიპის ღონისძიებების ხელშესაწყობად.

"წელს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა და კიდევ ხორციელდება. ზაფხულის განმავლობაში გათვალისწინებულია ძალიან კარგი პროგრამა, თუმცა ასევე გამოიკვეთა ხარვეზები და ვფიქრობთ, მთელი ამ პროცესის დახვეწისთვის, ძალიან კარგი იქნება, კერძო სექტორის ჩართულობა ამ პროცესში, სახელმწიფოსთან ერთად, იყოს უზრუნველყოფილი“, - აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები