მიგრანტთა კრიზისი

UN: 2015 წელს ომის გამო გადაადგილებულთა რიცხვმა 25 მილიონს მიაღწია

Getty Images

გაეროს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის ბოლოს იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც კონფლიქტის გამო საკუთარი საცხოვრებლიდან იდევნებიან ან თავად გადაადგილდებიან, გაეროს ისტორიაში პირველად მიაღწია 60 მილიონს, რა რაოდენობაც აჭარბებს ჯამში დიდი ბრიტანეთის, კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მოსახლეობას.

იძულებით გადაადგილებული ადამიანებიდან 21.3 მილიონი დევნილია, 3.2 მილიონი - თავშესაფრის მაძიებელი, 40.8 მილიონი კი - თავიანთ სამშობლოშივე გადაადგილებული.

შესაბამისად, მონაცემები მიუთითებს, რომ მსოფლიოში ყოველ 113 ადამიანში ერთი იძულებით გადაადგილებული პირია. საშუალოდ, 2015 წელს ყოველ ერთ წუთში 24 ადამიანი გადაადგილდა იძულებით, რაც წინა 10 წლის მონაცემზე, როდესაც იძულებით ყოველ 60 წამში 6 ადამიანი გადაადგილდებოდა, 4-ჯერ მეტია.

მსოფლიო მიგრანტთა უდიდესი ნაწილი სირიიდან, ავღანეთიდან და სომალიდანაა. ქვეყნის შიგნით გადაადგილებულთა მაჩვენებლით კი კოლუმბია ლიდერობს 6.6 მილიონი დევნილით, მას სირია მოსდევს 4.4 მილიონით.

გაეროს ოფიციალური მონაცემებით, მიგრანტთა უდიდესი ნაწილი განვითარებად, დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში გადაადგილდა მაშინ, როდესაც მსოფლიო ყურადღების ცენტრში ევროპა მოექცა ერთი მილიონი მიგრანტით, რომლებიც ხმელთაშუაზღვიდან ევროპის ტერიტორიაზე გადავიდნენ.

მსოფლიო მასშტაბით, თურქეთმა 2015 წელს ყველაზე მეტი, 2.5 მილიონი მიგრანტი მიიღო.

გაეროს მიგრანტთა სააგენტოს (UNHCR) ინფორმაციით, 2015 წლის მსოფლიო მიგრანტთა 51% ბავშვია.

კომენტარები