მიგრანტთა კრიზისი

ევროკავშირის 16 ქვეყნის ლიდერებმა მიგრაციის საკითხზე საგანგებო სამიტი გამართეს

ჯუზეპე კონტე და ემანუელ მაკრონი
Getty Images

კვირას, 24 ივნისს ევროკავშირის ლიდერებმა მიგრაციის პრობლემასთან დაკავშირებით ბრიუსელში საგანგებო სამიტი გამართეს, რომელსაც 16 ქვეყნის ლიდერები ესწრებოდნენ.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა სამიტის მასპინძლობაზე უარი თქვა. მიზეზად მან დაასახელა სურვილი, რომ ევროკავშირმა იმოქმედოს როგორც ერთიანმა ბლოკმა. საბოლოოდ სამიტს ორგანიზება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა გაუწია.

იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯუზეპე კონტემ ევროპელი კოლეგები გააფრთხილა, რომ მიგრაციის კრიზისი ევროკავშირის ქვეყნების შორის ღია საზღვრებს პრობლემას უქმნის. მან 10-პუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს გაიზიარონ ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილ მიგრანტებზე პასუხისმგებლობა და იმ ქვეყნებს, რომლებიც მიგრანტების მიღებაზე უარს იტყვიან ევროკავშირის ფონდიდან დაფინანსება შეუკვეცონ. გარდა ამისა იტალია მხარს უჭერს ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილთათვის ბანაკების ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში შექმნას. ჯერ-ჯერობით მსგავის ბანაკების შექმნის სურვილი არცერთ ჩრდილოეთ აფრიკულ ქვეყანას არ გამოუთქვამს.

ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ღია და პირდაპირი იყო, თუმცა კონკრეტულ დასკვნებამდე და შედეგებამდე არ მისულან.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მიგრაციის საკითხზე ევროკავშირის ცალკეულ წევრებთან პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოებას აპირებს, ვინაიდან ბლოკმა ერთობლივი გზის შემუშავება ვერ შეძლო. მისი თქმით ქვეყნები უნდა შეეცადონ დაეხმარონ ერთმანეთს და გაითვალისწინონ ვისთვის რა არის მნიშვნელოვანი ოცდარვავე წევრის ლოდინის გარეშე.

მისი პოზიცია გაიზიარა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც. მისი თქმით თანამშრომლობა შესაძლებელია შედგეს როგორც ერთობლივად - 28 ქვეყანას შორის, ასევე ცალ-ცალკე ზოგიერთ მათგანს შორის როგორც თავად მორიგდებიან. მაკრონმა ევროპას მოუწოდა დაიცვას ადამიანის უფლებები. "ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ვუღალატეთ ჩვენს ღირებულებებს, მივიღეთ ყველაზე ცუდი შედეგები." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ქრისტიან-სოციალური კავშირის თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა მინისტრი ჰორსტ ზიჰოფერი აცხადებს, რომ გერმანიას უნდა ჰქონდეს უფლება მიღებაზე უარი უთხრას იმ მიგრანტებს, რომლებიც ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში უკვე დარეგისტრირდნენ. შესაბამისად, ზეეჰოფერს 2015 წელს ანგელა მერკელის მიერ შემოღებული ღია კარის პოლიტიკის გაუქმება სურს. ცვლილება ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნების ღია საზღვრების სისტემაზეც მოახდენს გავლენას. ანგელა მერკელი ამ ცვლილებების წინააღმდეგია. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, შესაძლოა ქრისტიან-დემოკრატებისა და სოციალ-დემოკრატების 70-წლანი ალიანსი დაიშალოს და გერმანიის სამთავრობო კოალიციამ საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგოს.

ევროკავშირის ქვეყნებს შორის უთანხმოება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც იტალიამ გემს, რომელმაც 600-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინა პორტები დაუხურა. საბოლოოდ გემი ესპანეთმა მიიღო. ამჟამად იტალიის პორტებით სარგებლობას კიდევ ერთი გემი ითხოვს, რომლის ბორტზე 234 მიგრანტი იმყოფება, თუმცა იტალიამ და მალტამ მას მიღებაზე უარი განუცხადეს.

ხუთშაბათს ევროკავშირის ლიდერები კვლავ შეიკრიბებიან მიგრაციის საკითხის განსახილველად.

კომენტარები