NGO-ები: რ2-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა ეფექტურად და სრულყოფილად გამოიძიეთ

არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციები რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმაურებიან და თვლიან, რომ აუცილებელია, მომხდარი სამართალდამცველმა ორგანოებმა სწრაფად, ეფექტურად და სრულყოფილად გამოიძიონ.

"მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების ტექსტი და გამოქვეყნებული ვიდეომასალა აჩენს განცდას, რომ სამართალდამცველთა მიზანს არა სრულყოფილი გამოძიების ჩატარება და ფაქტზე ჭეშმარიტების დადგენა, არამედ მომხდარი ინციდენტის იმდაგვარი წარმოჩენა წარმოადგენს, რომ რუსთავი 2-ის ჟურნალისტების მიმართ პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია, ხოლო არსებული დაპირისპირება საზოგადოებამ ყოფით კონფლიქტად აღიქვას.

ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მომხდარი, ისე მსგავსი ფაქტების სწორი სისხლის სამართლებრივი კვალიფიკაცია და გამოძიების ისე წარმართვა, ვინაიდან საქართველოში ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტები არცთუ იშვიათი ხასიათისაა, გამოძიება, როგორც წესი, არ მიმდინარეობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით.

ამავდროულად, შემაშფოთებელია ქვეყანაში ბოლო პერიოდში გახშირებული ძალადობის ფაქტებზე ხელისუფლების არასათანადო მოქმედება ან უმოქმედობა, რაც საზოგადობაში აღვივებს დაუსჯელობის სინდრომს და გარკვეულწილად ახალისებს პოლიტიკური ან სხვა ნიშნით მოტივირებულ ძალადობას", - წერია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები არიან - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), მედიის განვითარების ფონდი (MDF), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ლგბტ საქართველო, სამოქალაქო განვითარების სააგენტო - CIDA, კავშირი „საფარი" და საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, 19 ივნისს, გამთენიისას, რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფს უცნობი პირი თავს დაესხა. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა ჟურნალისტი დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილისგან ინტერვიუს იღებდა. გამოძიება ცემის მუხლითაა დაწყებული.

კომენტარები