ვიცეპრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას გამოეხმაურა.
"ჟურნალისტების უფლებები უნდა იყოს დაცული. ამავდროულად, არც ჟურნალისტებმა არ უნდა მისცენ თავიანთ თავს იმაზე მეტი უფლება, ვიდრე ჟურნალისტის ეთიკა გაძლევთ ამის შესაძლებლობას. მე ვარ დარწმუნებული, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უმოკლეს ვადაში მოიკვლევს ამას და შესაბამისად დადგება ის შედეგები, რომელიც უნდა დადგეს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
დღეს გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. კურიერის ჟურნალისტი ელენე ფირცხალაიშვილი და ოპერატორი გიორგი ცანავა, აეროპორტის ტერმინალში, საქართველოს პარლამენტის წევრებისაგან, ინტერვიუებს იღებდნენ. დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილთან ინტერვიუს დროს, ისინი უცნობმა პირმა ჯერ სიტყვიერად შეურაცხყო, შემდეგ კი რუსთავი 2-ის ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით დაიწყო. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი ფიქრობს, რომ ცემასთან ერთად, სახეზეა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელსშეშლაც, რაც ასევე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია.
შს სამინისტროს განცხადებით R2-ს ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც მან ფიზიკურით უპასუხა.





