შსს: R2-ს ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც მან ფიზიკურით უპასუხა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსთავი ორის გადამღებ ჯგუფსა და დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილზე თავდასხმის ფაქტზე 1970 წელს დაბადებული თამარ.ლ გამოავლინეს. მათივე მტკიცებით, რუსთავი 2-ის ოპერატორს გიორგი ცანავას თამარ.ლ-ს თანმხლები პირის მიმართ, რომელმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, პრეტენზიები არ აქვს.

"2016 წლის 19 ივნისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „რუსთავის 2"-ის გადამღებმა ჯგუფმა პროფესიული საქმიანობა დაასრულა, აღნიშნული ტელეკომპანიის ოპერატორ გიორგ ც.-ს მოქალაქე ალექსანდრე ს-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილს გაეცალა. გამოძიებით დადგინდა, რომ მას გიორგი ც. დაედევნა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.

კონფლიქტის ადგილზე ამ დროს იმყოფებოდნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი და საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრი. ამ უკანასკნელის განცხადებით, როდესაც იგი მობილური ტელეფონით ცდილობდა კონფლიქტის გადაღებას, ალექსანდრე ს.-ს თანმხლებმა ქალბატონმა თამარ ლ.-მ, პროტესტის ნიშნად, მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პარლამენტარმა სამედიცინო დახმარებაზე უარი განაცხადა.

სამართალდამცველებმა ცემის ფაქტზე 1970 წელს დაბადებული თამარ ლ. გამოავლინეს. რაც შეეხება გიორგი ც.-ს და ალექსანდრე ს.-ს, ორივე პირი გამოკითხულია და წინასწარი მონაცემებით, მათ ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ" - აცხადებს შსს.

გამოძიება სსკ-ს 125-ე მუხლით (ცემა) მიმდინარეობს.

დღეს გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. რუსთავი 2-ის ცნობით, კურიერის ჟურნალისტი ელენე ფირცხალაიშვილი და ოპერატორი გიორგი ცანავა, აეროპორტის ტერმინალში, საქართველოს პარლამენტის წევრებისაგან, ინტერვიუებს იღებდნენ. დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილთან ინტერვიუს დროს, ისინი უცნობმა პირმა ჯერ სიტყვიერად შეურაცხყო, შემდეგ კი რუსთავი 2-ის ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით დაიწყო. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი ფიქრობს, რომ ცემასთან ერთად, სახეზეა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელსშეშლაც, რაც ასევე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია.

"მოგიწოდებთ და მოვითხოვ მთელი გუნდის სახელით, დაუყოვნებლივ დააკავოთ ჟურნალისტზე და ოპერატორზე თავდამსხმელი და კანონის მთელი სიმკაცრით აგებინოთ პასუხი. 125-ე ცემის მუხლი არ მიიღება. შეგახსენებთ, ინტერვიუს ჩაწერის დროს მოხდა ინციდენტი და სხეულის დაზიანებასთან ერთად, მინიმუმ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლაა," - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში და შს სამინისტროს მიმართავს.

ცნობისთვის, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დასჯადი ქმედებაა. ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით - სამ წლამდე ვადით.

კომენტარები