ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

კალა კაპიტალი ენმ-ს გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

ენმ

KALA CAPITAL LIMITED-ის დირექტორების განცხადებით, კომპანიას 2016 წლის განმავლობაში არაფერი გადაურიცხავს. დირექტორების განცხადებას სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს. 

„ჩვენ, კალა კაპიტალ ლიმიტედის დირექტორები - ჯორჯ ათანასი და სუზან კალოგრეიდსი ვაცხადებთ, რომ კომპანიას შექმნის დღიდან არასდროს საოპერაციო-საბანკო ანგარიში კვიპროსში ან სხვა რომელიმე ქვეყანაში არ ჰქონია. არანაირი გადარიცხვა კომპანიის მიერ 2016 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. აგრეთვე, არ გაცემულა მესამე პირებზე უფლებამოსილება საბანკო ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კორცხელის ინციდენტის მონაწილეებისთვის კალა კაპიტალის მიერ ფულის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია დღეს წარმოადგინა. ირმა ნადირაშვილისა და ოთარ კახიძის თქმით, პარტია "ძალადობრივ ჯგუფთან" ვიცეპრემიერ კახა კალაძის კავშირზე თავიდანვე საუბრობდა, ამ დოკუმენტებით კი ეს კავშირი უტყუარად დასტურდება. პარტიის წევრების განცხადებით, ვლადიმერ გეგეშიძისა და გიორგი გიგაურის სახელზე ანგარიში რუსულ ალფა ბანკში რუსეთის მოქალაქე დავით ქარსელაძემ გახსნა. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ქარსელაძე არის კრიმინალური ავტორიტეტი, ცნობილი, როგორც „კალატოზა“, ხოლო მისი ძმა, ვასილ ქარსელაძე კალაძის ლობირებით ცოტა ხნის წინ თბილისის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.

აღსანიშნავია, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ტაბულას კითხვებს არ პასუხობს მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძე. ხოლო ვასილ ქარსელაძეს დოკუმენტების ავთენტურობაში ეჭვი შეაქვს და ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ მისი ძმის კომპანიას ჩაურიცხავს ვინმე თანხას.

კომენტარები