რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

რუსეთი საქართველოს „არაკონსტრუქციულ პოზიციაში" ადანაშაულებს

RIA Novosti

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს „არაკონსტრუქციულ პოზიციაში" ადანაშაულებს. უწყების განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართულმა მხარემ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების მიღებაზე უარი თქვა, რაც „მოლაპარაკებების უმნიშვნელოვანესი თემისადმი არაკონსტრუქციულ მიდგომად იყო აღქმული". გარდა ამისა, სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა 7 ივნისს, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მიღებულმა რეზოლუციამ დევნილების დაბრუნების შესახებ.

„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა პროტესტი გამოთქვეს, მოითხოვეს ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგიდან დევნილთა საკითხის ამოღება. მათი განცხადებით, ამ თემას აღარ განიხილავენ იქამდე, სანამ ქართული მხარე არ შეწყვეტს ნიუ იორკში დოკუმენტების შეტანას. რუსულმა დელეგაციამ ორი დამოუკიდებელი რესპუბლიკის წარმომადგენელთა პოზიციას მხარი დაუჭირა", - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება და აღნიშნავს, რომ „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ საზღვრებზე არსებული ვითარება სამუშაო რეჟიმში განიხილეს".

„მონაწილეთა უმრავლესობა შეთანხმდა, რომ ცალკეული შემთხვევების მიუხედავად, რეგიონში ვითარება სტაბილურია", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ ჟენევის დისკუსიების ერთ-ერთი საკითხი გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტიც გახდა.

"გამოითქვა იმედი, რომ აფხაზეთის ხელისუფლება მომხდარს გამოიძიებს ეროვნულ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში და შედეგების შესახებ მხარეებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში აცნობებს" - წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა 6 ივლისს გაიმართება, ხოლო ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი - ოქტომბერში.

კომენტარები