მონეტარული პოლიტიკა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7%-მდე შეამცირა

კობა გვენეტაძე
ტაბულა

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით - 7.0%-მდე შეამცირა. სებ-ის განცხადებით, მაისში ინფლაციის 2.1%-მდე შემცირების გამო გამკაცრებული მონეტარული პოლტიკის შენარჩუნების აუცილებლობა დღის წესრიგში აღარაა. ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გასულ წელს, მაღალი ინფლაციური მოლოდინების გამო გაამკაცრა. სებ-ის გადაწყვეტილება მათთვის, ვისაც სესხები რეფინანსირების განაკვეთზე აქვთ მიბმული, კარგ სიახლეს წარმოადგენს. ბანკის ვიცეპრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი 5-6%-მდე შემცირდება.

გთავაზობთ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების ტექტს:

"მაისში წლიური ინფლაცია 2.1%-მდე შემცირდა. ინფლაციის მაჩვენებლის კლებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა საბაზო ეფექტის ამოწურვასა და ინფლაციური მოლოდინების შემცირებას. ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით ასევე მოქმედებს სუსტი ერთობლივი მოთხოვნა. 

ბოლო პერიოდში ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა ჰქონდა ინვესტიციების გააქტიურებასა და საგარეო მოთხოვნის ნაწილობრივ გაუმჯობესებას. მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენცია მომდევნო პერიოდებშიც გაგრძელდება. მეორე მხრივ, ლარით დენომინირებულ სესხებზე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები და მთლიანი საკრედიტო პორტფელის ზრდის შენელება ასუსტებს ერთობლივ მოთხოვნას. ეროვნული ბანკის მიმდინარე პროგნოზით 2016 წელს ეკონომიკური ზრდა პოტენციური დონის ქვემოთ იქნება.
 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს გააგრძელოს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის პროცესი, რაც საშუალოვადიან პერიოდში რეფინანსირების განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირებას გულისხმობს. ამის გათვალისწინებით, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკის განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის შემდგომი ტემპი დამოკიდებული იქნება ინფლაციის განახლებულ საპროგნოზო მაჩვენებელზე და ზოგადად  ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესის დინამიკაზე.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", - წერია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაში.
 
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 27 ივლისს გაიმართება.
 

კომენტარები