ვანო მერაბიშვილის საქმე

ჩიხრაძე: სტრასბურგის გადაწყვეტილება ქართულ სახელმწიფოს ტვირთად დააწვება

თეორემა/ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის შეფასებით, ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება "ქართულ სახელმწიფოს ტვირთად დააწვება". ჩიხრაძემ რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში აღნიშნა, რომ ამაზე პასუხისმგებლობა მთავრობამ უნდა აიღოს.

ფიქრია ჩიხრაძის თქმით, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე გამოძიება მაშინვე უნდა დაწყებულიყო და იმ ადამიანებმა, რომლებმაც "გააპრავეს" საგამოძიებო ორგანოს უმოქმედობა, უნდა აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

"მე ვისურვებდი, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც მაშინ "აპრავებდა" საგამოძიებო ორგანოების მაშინდელ უმოქმედობას, ამბობდა, რომ გამოძიების ჩატარების არავითარი საჭიროება არ არის და მხოლოდ შიდა მოკვლევით შემოიფარგლნენ, გამოვიდნენ და აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რა დაბრკოლებები და რა ტვირთიც მოუტანეს მათ დღევანდელი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ქართულ სახელმწიფოს და მის ევროპულ პერსპექტივას", - ამბობს ჩიხრაძე.

პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა აღნიშნა, რომ პროკურატურამ მერაბიშვილის საქმის მსვლელობისას "სრული უუნარობა, უპასუხისმგებლობა და არაპროფესიონალიზმი" გამოიჩინა. ჩიხრაძე ამბობს, რომ ის თანხა, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს დააკისრა, უმჯობესი იქნებოდა, ქართული მართლმსაჯულების ორგანოების კვალიფიკაციის ამაღლებაზე დახარჯულიყო.

ფიქრია ჩიხრაძე ასევე გამოეხმაურა თეა წულუკიანის კომენტარს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

"როდესაც დღეს ქალბატონი თეა წეულუკიანი ამბობს, რომ დაიწყება გამოძიება ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანასთან დაკავშირებით, მაშინ უნდა გაეცეს პასუხი იმ შეკითხვებს, რატომ არ მოხდა ამის გამოძიება თავის დროზე. ქალბატონი თეა წულუკიანისათვის, რომელიც თავად მუშაობდა სტრასბურგის სასამართლოში წლების განმავლობაში, რატომ იყო უცხო და მოულოდნელი, რომ ეს საქმე აუცილებლად წავიდოდა ამ სასამართლოში და რომ აი, ასეთი ასეთი ლაფსუსების, ხარვეზების, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების გამო, ქართულ სახელმწიფოს აუცილებლად მოუწევდა პასუხისგება", - ამბობს პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი.

ფიქრია ჩიხრაძის თქმით, ქართულმა სასამართლომ როგორღაც უნდა მოახერხოს და არ გააჩინოს კითხვის ნიშნები განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეებზე.

"თავისთავად ის ფაქტი, რომ მე-5 მუხლი რეალურად არსებობს და სასამართლომაც გამოიჩინა ამ შემთხვევაში სერიოზული უპასუხისმგებლობა, ეს ძალიან მძიმე თემაა ქართული სასამართლოსთვის. ჩვენ სულ ამას ვამბობთ, რომ ქართულმა სასამართლომ როგორღაც უნდა მოახერხოს, რომ ქვეყნის შიგნით არ გააჩინოს კითხვის ნიშნები განსაკუთრებით მნიშვნელოვან და ანგაჟირებულ საქმეებზე, რომ მერე მათი გადაწყვეტილებების გამო, ეს ეხებოდა რუსთავი 2-ის საქმეს თუ სხვა გახმაურებულ საქმეს, ქართულ სახელმწიფოს არ მოუწიოს ამ პოლიტიკური ტვირთის გამო პასუხისგება და საფასურის გადახდა. ფაქტია, რომ ჩვენ უკვე შევიძინეთ ახალი ე.წ. ქეისი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში გაჩნდება, მერაბიშვილის თემასთან დაკავშირებით", - ამბობს ჩიხრაძე.

პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩევლის თქმით, ის გიორგი მარგველაშვილთან ერთად იმყოფებოდა ბრიუსელში და მერაბიშვილის საქმის შესახებ კითხვები არ ყოფილა, თუმცა დარწმუნებულია, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოება აუცილებლად დაიწყებს საუბარს ამ თემასთან დაკავშირებით.

"რაც შეეხება მე-18 მუხლს, რომელიც მართლაც მძიმე მუხლია, მიუხედავად იმისა, რომ იქ მართლაც არ წერია პირდაპირ, რომ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებაზე არის საქმე, ლაპარაკია იმაზე, რომ კონკრეტული პატიმრობა შესაძლოა, გარკვეული პოლიტიკური შინაარსის მატარებელი იყოს იმისთვის, რომ ამ საქმით სხვა საქმეებზე გასვლა მომხდარიყო. თუ ეს [მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის] საქმე იქნებოდა გამოძიებული იმთავითვე, მაშინ არ დასჭირდებოდა ქართულ სახელმწიფოს, ქართულ მართლმსაჯულებას, საქართველოს ხელისუფლებას პასუხების ძიება და პასუხების გაცემა სტრასბურგის სასამართლოსთვის, მაგრამ სწორედ იმ ფაქტმაც, რომ ეს საქმე დარჩა გამოუძიებელი, მე-18 მუხლის კუთხით დამძიმება გამოიწვია", - ამბობს ფიქრია ჩიხრაძე.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ერთხმად დაადგინა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრ ვანო მერაბიშვილის უფლებების დარღვევა. სასამართლო მიიჩნია, რომ გამოძიების მსვლელობის მანძილზე მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე უარი იყო დაუსაბუთებელი. სასამართლომ პარალელი გაავლო ლუცენკოსა და ტიმოშენკოს საქმეებთან და დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინაწარი პატიმრობა უკანონო მიზნებს ისახავდა.

კერძოდ, საქმეზე "მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 5.3 და 18 მუხლები. სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის დაბრკოლების ან შეუძლებლად გახდომის მიზნით პოლიტიკურად აქტიური პირის უფლებების შეზღუდვის ეჭვები ყოველთვის სერიოზულად უნდა იყოს აღქმული, ადამიანის უფლებათა დაცვასა და დემოკრატიის ფუნქციონირებას შორის პირდაპირი კავშირიდან გამომდინარე.

 

კომენტარები