მერაბიშვილის საქმე

ბურჯალიანი: ამ საქმეზე გადაწყვეტილება ჩვენთვის შედეგებით ყველაზე მძიმეა

ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე მიერთებიდან ევროსასამართლომ ბევრი მძიმე საქმე განიხილა საქართველოს წინააღმდეგ. ნაწილი წავაგეთ, ნაწილი მოვიგეთ - როგორც ხდება ხოლმე. ამ საქმეების უმრავლესობაზე პირადად ვმუშაობდი. ვანო მერაბიშვილის საქმეზე დღევანდელი გადაწყვეტილება თავისი შედეგებით ყველაზე მძიმეა. ის რომ ევროსასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პატიმრობის გაგრძელების შესახებ დაუსაბუთებლად მიიჩნია, ამ საქმის ერთი, ფორმალური მხარეა მხოლოდ. მთავარი ის არის, რომ ევროსასამართლომ ქართულ საქმეში პირველად დაადგინა, რომ თავისუფლების აღკვეთა სისხლის სამართალწარმოების მიზანს არ ემსახურებოდა, რომ ხელისუფლებას ქონდა სხვა, "ფარული მიზანი" (hidden agenda). ამ ფარული მიზნის გასარკვევად, ევროსასამართლომ მიმოიხილა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ფონი, ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური სტატუსი, მისი გაყვანა ღამით საკნიდან და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისა და მისი საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მიწოდების იძულება. ამ ყველაფრის შემდეგ ევროსასამართლომ დაადგინა, რომ საქმის გარემოებები და პოლიტიკური ფონი ტიმოშენკოსა და ლუცენკოს საქმეების ანალოგიურია. ევროსასამართლოს გადაწყვეტილება სინამდვილეში მარტო ვანო მერაბიშვილს არ ეხება. ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო მაღალი ლეგიტიმაცია მიეცა მაგალითად ინტერპოლის გადაწყვეტილებებს, სადაც პოლიტიკური მოტივით უარი ითქვა ან გაუქმდა საერთშორისო ძებნა მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილის, დათო კეზერაშვილის, დათა ახალაიას, ირაკლი კოდუას და ა.შ. ასევე ამ გადაწყვეტილებით გამყარდა მაგალითად საფრანგეთის და შემდეგ ინგლისის სასამართლოების უარი დათო კეზერაშვილის ექსტრადიციაზე სწორედ პოლიტიკური მოტივით, საბერძნეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დათა ახალაიას ექსტრადიციაზე, ასევე ავსტრიის, ფინეთის და იტალიის სასამართლოს გადაწყვეტილებები. დასკვნა ნათელია, პოლიტიკური ნიშნით ოპონენტების დევნა და ევრო-ატლანტიკური მომავალი, ეკონომიკური კეთილდღეობა და კანონის უზენაესობა შეუთავსებელია.

წერს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე თინა ბურჯალიანი Facebook-ზე

კომენტარები