მედიის განვითარების ფონდი

MDF: ბიუჯეტიდან ისევ ფინანსდება ანტიდასავლური და სიძულვილის ენის მატარებელი მედია

მედიის განვითარების ფონდის კვლევის თანახმად, საქართველოს მთავრობის ცალკეული უწყებები 2015 წელსაც აგრძელებდნენ ისეთ მედიებთან სერვის კონტრაქტების გაფორმებას, რომელთა სარედაქციო პოლიტიკა ქსენოფობიას, ჰომოფობიას და ანტიდასავლურ განწყობებს ეფუძნება. ანგარიშის თანახმად, ესენია მედია-კავშირი ობიექტივი, გაზეთები "საქართველოს რესპუბლიკა", "ალია", "კვირის ქრონიკა" და "ასავალ-დასავალი". ამ კატეგორიაში დამატებით ორი ახალი ონლაინ გამოცემა Newspress.ge და ექსკლუზივ-ნიუსი მოხვდა. მედიის განვითარების ფონდი აღნიშნავს, რომ ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას Newspress.ge ირიბად, რუსულენოვანი პროპაგანდისტული პლატფორმების, მათ შორის სპუტნიკ-საქართველოს ტირაჟირების გზით ახდენს. მან 2015 წელს ბიუჯეტიდან 23 371 ლარის დაფინანსება მიიღო, ხოლო 2016 წელს - 28 941 ლარი.

მედიის განვითარების ფონდის ანგარიშის თანახმად, 2015 წელს ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი თანხა მიიღო საქართველოს რესპუბლიკამ (85 916 ლარი). მეორე ადგილს ობიექტივი (ეტალონი) იკავებს - 68 616 ლარი. მათ მოსდევს ალია და კვირის ქრონიკა - 21 816 ლარი, Newspress.ge - 23 371 ლარი, ექსკლუზივნიუსი 4 730 ლარი და ასავალ-დასავალი - 2 500 ლარი.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 7 ივლისს მედიის განვითარების ფონდმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც 2013-2014 წლებში იმ მედიასთან სერვის კონტრაქტების გაფორმების მიზანშოწონილობას ეხებოდა, რომელთა სარედაქციო პოლიტიკის შემადგენელი სიძულვილის ენის და ანტი-დასავლური განწყობების გაღვივებაა. MDF-ის კვლევის მიგნებები აისახა ევროპის საბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის (ECRI) მეხუთე ციკლის ანგარიშში საქართველოს შესახებ.

"კომისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს კონტრაქტებს მსგავსი ტიპის მედიასთან. კერძოდ: "ECRI იძლევა რეკომენდაციას, რომ ხელისუფლებამ გადახედოს მის კონტრაქტებს მედიასთან და გააუქმოს, ან განაახლოს ისინი, თუ მედია შეიმჩნევა რასისტულ ან ჰომო/ტრანსფობიულ სიძულვილის ენის გამოვლენაში. ხელისუფლებამ ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ მომავალი კონტრაქტები შეიცავდნენ დათქმას კონტრაქტის გაუქმების შესახებ, თუკი მედიაში გამოვლინდება რასისტული ან ჰომო/ტრანსფობიური სიძულვილის ენა" - წერს მედიის განვითარების ფონდი და აღნიშნავს, რომ ეს რეკომენდაცია მედიასთან გაფორმებულ კონტრაქტებში არ ასახულა. 

კომენტარები