მედიის განვითარების ფონდი

MDF: ხელისუფლების საქმიანობის გაშუქების მხრივ, GDS-ი და ტაბულა ლიდერობენ

მედიის განვითარების ფონდმა ტელევიზიების საინფორმაციო გადაცემების სარედაქციო პოლიტიკის მონიტორინგის მე-3 ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2015 წლის 1-31 დეკემბრის პერიოდს ასახავს. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ტელეკომპანიები საინფორმაციო ბადის უდიდეს ნაწილს პოლიტიკურ თემებს უთმობენ. MDF-ის ცნობით, ამ თემატიკის მხრივ, ოთხი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა - ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შემცველი, ხელისუფლების საქმიანობის ამსახველი, ოპოზიციის მიმართ კრიტიკის შემცველი და ოპოზიციის საქმიანობის ამსახველი სიუჟეტების გაშუქება.

ანგარიშის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებაში ხელისუფლების კრიტიკის შემცველ სიუჟეტებს მისი საქმიანობის ამსახველი სიუჟეტები სჭარბობდა, ხოლო მაესტროს საინფორმაციო გამოშვებაში კი - პირიქით, კრიტიკის შემცველი სიუჟეტები უფრო მრავლად იყო. ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შემცველი სიუჟეტები ჭარბობდა რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვებაში, ხოლო ტაბულას საინფორმაციო გამოშვებაში ხელისუფლების საქმიანობის ამსახველი თემების უფრო დიდი წილი დაფიქსირდა, ხელსუფლების მიმართ კრიტიკის შემცველ თემებთან შედარებით.

MDF-ის ცნობით, მონიტორინგის შედეგად აგრეთვე გამოვლინდა ყველაზე ნაკლებად დაბალანსებული ტელევიზია - GDS-ი, რომლის საინფორმაციო ბადეში ხელისუფლების საქმიანობის ამსახველი სიუჟეტები კრიტიკის შემცველ სიუჟეტებს 16%-ით, ხოლო ოპოზიციის კრიტიკის შემცველი სიუჟეტები მისი საქმიანობის ამსახველ სიუჟეტებს 5%-ით სჭარბობდა. 

"ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შემცველი თემები დეკემბერში ყველაზე დიდი რაოდენობით რუსთავი 2-ისა და მაესტროს ეთერში გაშუქდა. ყველაზე ნაკლებად კი, მოქმედი ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შემცველ თემებს GDS-ი აშუქებდა. ხელისუფლების საქმიანობის გაშუქების მხრივ, ტელეკომპანიები GDS-ი და ტაბულა ლიდერობდნენ. აღნიშნული თემები მათსავე საინფორმაციო ბადეში უმეტეს ნაწილს იკავებდა და თანაბარი მაჩვენებლით დაფიქსირდა. მათ შემდეგი რიგითობით მოსდევდნენ ტელეკომპანია იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაესტრო და რუსთავი 2. ხელისუფლების საქმიანობას საკუთარ საინფორმაციო ბადეში ყველაზე ნაკლებ წილს რუსთავი 2 უთმობდა, რაც არ მიუთითებს ტელეკომპანიის მიერ თემების გამოტოვებაზე. კურიერის შედარებით ვრცელი ქრონომეტრაჟიდან გამომდინარე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი ხელისუფლების საქმიანობის ამსახველი თემების უმეტესობა დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში შუქდებოდა. თუმცა, არ გაშუქებულა რამდენიმე სამთავრობო ვიზიტი, ასევე, მთავრობის მიერ სოციალურად დაუცველი უსახლკარო მოქალაქეებისთვის აშენებული ე.წ. „უსახლაკაროთა ქალაქი" ლილოში", - წერია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ ოპოზიციის მიმართ კრიტიკის შემცველი თემების გაშუქების თვალსაზრისით, დეკემბერშიც, ნოემბრის მსგავსად, ტელეკომპანია GDS-ი ლიდერობდა.

"GDS-ის სიუჟეტები ისევ ერთი კონკრეტული პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ირგვლივ შუქდებოდა და უმეტეს შემთხვევაში, მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის მოვლენებს ეხმაურებოდა. ყველაზე ნაკლები წილი ოპოზიციის მიმართ კრიტიკის შემცველი თემების გაშუქების მხრივ, ტელეკომპანიების რუსთავი 2-ისა და ტაბულას საინფორმაციო ბადეში დაფიქსირდა. ოპოზიციის საქმიანობის ამსახველი თემების წილი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ტელეკომპანია ტაბულას საინფორმაციო ბადეში დაფიქსირდა. ტაბულაც უმეტესად ერთი კონკრეტული პარტიის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის ასახვით შემოიფარგლებოდა. ოპოზიციის საქმიანობას ყველაზე ნაკლებად ტელეკომპანია GDS-ი ასახავდა, რომლის საინფორმაციო ბადეში ოპოზიციის კრიტიკის შემცველი თემების წილი მისი საქმიანობის ამსახველი სიუჟეტების წილს 6-ჯერ აღემატებოდა", - ნათქვამია მედიის განვითარების ფონდის ანგარიშში.

კომენტარები