ევრო 2016

UEFA რუსეთის ნაკრებს საბოლოო გაფრთხილებას აძლევს და ჯარიმას აკისრებს

Reuters

UEFA-ს კონტროლის, ეთიკის და დისციპლინის კომიტეტმა რუსეთის საფეხბურთო ნაკრები საბოლოოდ გააფრთხილა და დააჯარიმა. კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია 150 000 ევროთი დაჯარიმდება და თუ რუსეთის ფანების ძალადობრივი ქმედებები სტადიონზე კიდევ ერთხელ გამეორდება, რუსეთის ნაკრებს ტურნირიდან მოკვეთენ.

ამასთან, ფრანგი სამართალდამცავები ქვეყანაში მყოფ რუსეთის გულშემატკივრებს ამოწმებენ. ქალაქ ლილთან, სადაც ხვალ, რუსეთისა და სლოვაკეთის მატჩი უნდა გაიმართოს, ფრანგმა სპეცრაზმელებმა რუსი გულშემატკივრების ავტობუსი გააჩერეს და ერთ-ერთი მათგანი დააკავეს. მას საფრანგეთიდან გააძევებენ.

რუსეთის გულშემატკივართა გაერთიანების პრეზიდენტის ალექსანდრ შპრიგინის თქმით, შემოწმებები საფრანგეთის პროკურატურის მოთხოვნით ტარდება და მათ ამის შესახებ ინფორმაცია აქვთ. მისივე თქმით, საფრანგეთიდან შესაძლოა 50-მდე რუსი გულშემატკივარი გააძევონ. ისინი აგრესიულ ქმედებებში შენიშნეს.

კომენტარები