ევრო 2016

ევრო 2016 დღეს იწყება

დღეს საფრანგეთში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი, ევრო 2016 დაიწყება. გახსნითი შეხვედრა მასპინძელ საფრანგეთსა და რუმინეთს შორის პარიზში, სტად დე ფრანსზე, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.

ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფები შემდეგნაირად არის გადანაწილებული:

A ჯგუფი - საფრანგეთი, შვეიცარია, ალბანეთი, რუმინეთი.
B ჯგუფი - რუსეთი, სლოვაკეთი, ინგლისი, უელსი.
C ჯგუფი - პოლონეთი, გერმანია, ჩრდილოეთ ირლანდია, უკრაინა.
D ჯგუფი - ჩეხეთი, თურქეთი, ხორვატია, ესპანეთი.
E ჯგუფი - შვედეთი, იტალია, ბელგია, ირლანდია.
F ჯგუფი - ავსტრია, პორტუგალია, ისლანდია, უნგრეთი.

ჯგუფური ეტაპიდან მერვედფინალში პირდაპირი წესით ის 12 გუნდი გავა, რომლებიც საკუთარ ჯგუფში I-II ადგილებს დაიკავებენ. შემდეგ კი მათ 4 გუნდი დაემატებათ, რომლებიც საკუთარ ჯგუფებში III ადგილს ყველაზე მაღალი ქულების რაოდენობით დაიკავებს.

ევრო 2016-ის მთავარ ფავორიტად მასპინძელი საფრანგეთი ითვლება. ფავორიტია უკანასკნელი ორი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული ესპანეთიც. მათთან ერთად ფავორიტებად იტალია, გერმანია, ინგლისი, პორტუგალია და ბელგიაც განიხილებიან.

ევრო 2016 საფრანგეთში დღეს, 10 ივნისს დაიწყება და 10 ივლისამდე გაგრძელდება.

კომენტარები