ევრო 2016

რუსეთი-ინგლისის თამაშის შემდეგ რუსი გულშემატკივრები ინგლისელებს თავს დაესხნენ

www.epa.eu

ევრო 2016-ის მორიგი მატჩის შემდეგ, სადაც ერთმანეთს ინგლისისა და რუსეთის საფეხბურთო ნაკრებები დაუპირისპირდნენ, რუსეთის გულშემატკივრები ტრიბუნებზე მყოფ ინგილისელებს თავს დაესხნენ. თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთმა ანგარიში გაათანაბრა. მსაჯის საფინალო სტვენის შემდეგ რუსმა გუშემატკივრებმა ინგლისის დროშები დახიეს. ინფორმაციას და ფოტოებს უცხოური მედია ავცელებს. ინგლისის ნაკრების გულშემატკივრები თავდამსხმელებისგან თავის დაღწევას ღობეებზე გადასვლით ცდილობდნენ.

მას შემდეგ, რაც ინგლისის ნაკრების ორ გულშემატკივარს სიცოცხლისთვის მძიმე დაზიანებები მიაყენეს და 20-ზე მეტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, შეტაკება ქუჩაში გაგრძელდა. რუსეთის ნაკრების 30-მდე ნიღბიანი და შავმაისურიანი ფანი ინგლისის მხარდამჭერებს თავს დაესხა, როცა საფრანგეთის ნაციონალური გვარდია სტადიონთან იმყოფებოდა. ინგლისელმა გულშემატკივრებმა რუსი თავდამსხმელებისა და საფრანგეთის პოლიციის მიმართულებით ლუდის ბოთლებისა და სკამების სროლა დაიწყეს. პოლიციამ დაპირისპირების განმუხტვის მიზნით ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

რუსეთის ნაკრების გულშემატკივრების მხრიდან დღის განმავლობაში ორი თავდასხმა გახდა იმის მიზეზი, რომ ტვიტერის მომხმარებელთა ნაწილი ითხოვს ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში არ ჩატარდეს. 

აღსანიშნავია, რომ მატჩის დაწყებამდე ბევრი გამოთქვამდა პრეტენზიას ტრიბუნებზე რუსეთისა და ინგლისის მხარდამჭერების არასათანადოდ გამიჯვნის გამო. გარდა ამისა, დაპირისპირების შემდეგ თვითმხილველები ამბობდნენ, რომ არ იყო მობილიზებული პოლიციის საკმარისი რაოდენობა, რათა მათ სიტუაცია განემუხტათ.

საფრანგეთის ქალაქ მარსელში, ევრო 2016-ის მეორე დღის ცენტრალური შეხვედრა ინგლისი-რუსეთი ფრედ, 1-1 დასრულდა. შეხვედრამ ინგლისელთა უპირატესობით ჩაიარა, თუმცა რუსეთის მეკარე იგორ აკინფეევი საკმაოდ დამაჯერებლად თამაშობდა. ინგლისელებმა ანგარიშის გახსნა 73-ე წუთზე ერიკ დაიერის მიერ დარტყმული ჯარიმით მოახერხეს, ანგარიში კი მატჩის 92-ე დამატებულ წუთზე, ვასილი ბერეზუცკის თავური დარტყმით გათანაბრდა.

კომენტარები