საგარეო ვალი

ყაზახეთთან ვალზე, რომელიც წლების მანძილზე დავის საგანი იყო შეთანხმება მიღწეულია

ასტანა
Getty Images

საქართველომ ყაზახეთთან არსებულ საგარეო ვალთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია, აღნიშნული ვალი წლების მანძილზე ორ ქვეყანას შორის დავის საგანს წარმოადგენდა. შეთანხმების მიღწევის შესახებ განცხადება დღეს ყაზახეთში ვიზიტით მყოფმა ვიცეპრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ვალის საპროცენტო განაკვეთი უკვე შეთანხმებულია, მისი გადახდის გრაფიკი კი უახლოეს მომავალში დადგინდება.

"ყაზახურ მხარესთან რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იყო დარჩენილი, მათ შორის იყო საქართველოს ვალი ყაზახეთის მიმართ, რომელზეც ჩვენ პრინციპებზე შევთანხმდით და განვსაზღვრეთ საპროცენტო განაკვეთი, ასევე უახლოეს მომავალში განისაზღვრება გადახდის გრაფიკი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,"- ამბობს ქუმსიშვილი.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ვალი ყაზახეთის მიმართ $27.7 მილიონს (61.9 მილიონი ლარი) შეადგენს. ვალი წლების მანძილზე საქართველოსა და ყაზახეთს შორის დავის საგანს წარმოადგენდა. ვალთან დაკავშირებით ყაზახურ მხარესთან ქართული ოცნების ხელისუფლებამ პირველი შეხვედრა 2012 წლის არჩევნებიდან მალევე ნოემბერში გამართა. მაშინ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადედბა, რომ ყაზახეთი "პარიზის კლუბის" წევრი არ იყო და სწორედ ეს გარემოება ართულებდა მასთან ვალთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს.

ყაზახურ "ყაზტრანსგაზ-თბილისს" კი საქართველოს სახელმწიფოს წინაშე 80 მილიონ ლარამდე აქვს დავალიანება. კომპანია ვალის დაბრუნებაზე უარს 2009 წლიდან მოყოლებული აცხადებს, ამიტომაც 2009 წლის 16 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, კომპანია სპეციალური მართვის რეჟიმში იმყოფება. რამდენიმე წლის წინ საქართველო - ყაზახეთს შორის ვალების ურთიერთჩამოწერის შესაძლებლობებიც განიხილებოდა, თუმცა ამ საკითხზე შეთანხმება მიღწეული არაა. 

კომენტარები