ვაკეში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ენმ-მ ელენე ხოშტარია წარადგინა

ელენე ხოშტარია

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პარტიის საარჩევნო სიის მეორე ნომერი, ელენე ხოშტარია წარადგინა.

"2012 წელი იყო ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი, ეს იყო წელი, როდესაც ძალიან ინტენსიური, ძალიან რთული 9-წლიანი მუშაობის შემდეგ დაგვიდგა მომენტი, როდესაც უნდა გავწეულიყავით, დაგვეთმო ასპარეზი ახალი გუნდისთვის. გვესურვა წარმატება, გვქონოდა იმედი იმისა, რომ ახალი გუნდი წაიყვანს ქვეყანას წინ. ქვეყნისთვის იყო მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ჩვენ შევძელით ხელისუფლება ცივილიზებულად გადაგვეცა ახალი გუნდისთვის. ეს იყო წაგება, რომელსაც მე ვუყურებდი იმედით, იმიტომ, რომ მეგონა, ეს წაიყვანდა ქვეყანას არა უკან, არამედ წინ. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. სამწუხაროდ, საფუძველი რაც იყო შექმნილი, მნიშვნელოვნად შეირყა. შეირყა ეკონომიკაში, სამართლებრივ სფეროში, ზოგადად, პოლიტიკურ პროცესში. დაიწყო არა წინსვლა, არამედ შევედით შურისძიების, ბოღმის დაუმთავრებელ წრეში. გამიზნულად არ მინდა, ბევრი ვისაუბრო დღევანდელ მძიმე ვითარებაზე, სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ სხვა სფეროში, იმიტომ, რომ მიმაჩნია, საქართველოში უნდა დამთავრდეს არჩევნები, რომელიც ემსახურება ვიღაცის ან რაღაცის უარყოფას. უნდა იყოს არჩევნები, როდესაც ვიმსახურებთ ამომრჩევლის ნდობას და არა უარვყოფთ და ვლანძღავთ ვიღაცას. იმიტომ, რომ ჩვენ შეგვიძლია, წავიყვანოთ ქვეყანა წინ. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ხედვა, კომპეტენცია და რწმენა, რომ შეგვიძლია, გადავლახოთ დიდი გამოწვევები", - თქვა ხოშტარიამ.

წარდგენისას მან ასევე ისაუბრა, გამარჯვების შემთხვევაში, რა იქნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავარი გამოწვევები. ხოშტარიას თქმით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლო სისტემის შექმნა. "ეს მისცემს ადამიანს განცდას, რომ ისინი არ არიან უსუსურები სახელმწიფოს წინაშე. მათ აქვთ ბერკეტი, რომ დაიცვან თავი სახელმწიფოსგან. გარდა ამისა, ესაა ძლიერი სტიმული ბიზნესის განვითარებისთვის", - აღნიშნა ხოშტარიამ. მისივე განცხადებით, აუცილებელია ადამიანის სოციალურ პრობლემებზე ორიენტირება და ამიტომაც პენსია 50 ლარით გაიზრდება, ასევე მთავარი გამოწვევაა ძლიერი განათლების სისტემის შექმნა.

ელენე ხოშტარიას თქმით, "არცერთი სფერო, რომელიც გვინდა, ჩვენი ხელით შევქმნათ ამ ქვეყანაში, ვერ იქნება გარანტირებული და დაცული და ვერ ვიქნებით უსაფრთხოდ, თუ არ დავბრუნდით ევროპულ ოჯახში. ამ კონკრეტულ მომენტში მინდა, გამოვეხმაურო ვიზალიბერალიზაციას - ისტორიული შანსი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავკარგოთ. იმედია, ამ ისტორიულ შანსს ხელიდან არ გავუშვებთ".

ელენე ხოშტარიამ დღესვე დაასახელა იმ საკითხების ნაწილი, რომლებზეც პარლამენტში იმუშავებს - "ეს არის ოჯახში ძალადობა, რასაც საზარელ სურათამდე მივყავართ. აქ სახელმწიფო უნდა იყოს გააზრებულად ძლიერი და საზოგადოების დამოკიდებულებაც უნდა შეიცვალოს. ასევე, ჩემთვის მნიშვნელოვანია, შშმ პირებს ჰქონდეთ საზოგადოებაში ღირსეული არსებობის და თვითრეალიზაციის უფლება. ისინი არიან საზოგადოების ჩვენი თანაბარი ღირსეული წევრები. აქ ბევრია გასაკეთებელი", - თქვა ხოშტარიამ.

როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, მშენებლობა, ბიზნესის განვითარება ეკონომიკური განვითარების სტიმულია და მისი მიზანი იქნება "მშენებლობის განვითარება გარემოს დაზიანების გარეშე."

კომენტარები