რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: მოსამართლე ტურავა ხელისუფლების დესანტია საკონსტიტუციო სასამართლოში

თეორემა/ტაბულა

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას შუამდგომლობას ეხმაურება. ტურავამ რუსთავი 2-ის სარჩელების განხილვის მოთხოვნით პლენუმს მიმართა. ეს შესაძლებლობა მას 14 მაისს, დაჩქარებული რეჟიმით, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილი ერთ-ერთი ცვლილების თანახმად აქვს. გვარამიას თქმით, ტურავას გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ საკონსტიტუციოს შესახებ ახალი კანონი თავიდანვე რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიიღეს.

"ჩვენ იმთავითვე ვამბობდით, რომ ეს კანონი რუსთავი 2-ის საქმის გამო არის მიღებული. პირდაპირ მიბმული იყო ჩვენს პროცესზე და ღამე შეიკრიბა პარლამენტი მას მერე, რაც ნახეს, რომ ჩვენი პროცესი ისე არ მიმდინარეობდა როგორც მათ სურდათ. მართალია მერე იმ მოსამართლეებს, რომლებიც იხილავდნენ ჩვენს საქმეს ყველაფერი გააკეთებინეს, რაც შესაძლებელი იყო, მაგრამ დადასტურდა ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ვვარაუდობდით.

მაგრამ არაუშავს, მოსამართლე ტურავა, რომ ხელისუფლების დესანტია საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენ ეს ვიცი, მაგრამ მიუხედავად ამისა, იქ არის კიდევ 8 მოსამართლე და ჯერჯერობით ამ სასამართლომ გაუძლო განსხვავებით საერთო სასამართლოებისგან, ყველანაირ ზეწოლას, რომელსაც ხელისუფლება მასზე ახორციელებს. ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც ფუნქციონირებს დემოკრატიის დასაცავად ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცვლილებამ, რომლითაც მოსამართლე ტურავა სარგებლობს, ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში კრიტიკა დაიმსახურაახალი კანონის მიხედვით, საკითხთა დიდი ნაწილი განსახილველად კოლეგიის მაგივრად პლენუმზე გავა, მათ შორის, მხოლოდ პლენუმმა უნდა განიხილოს ორგანული კანონების კონსტიტუციურობა. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ამ საკითხების განხილვის პლენუმისთვის გადაცემა უნდა განვიხილოთ გაზრდილი ქვორუმის და გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭიო უმრავლესობის გაზრდის ფონზე.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქმის პლენუმზე გატანა შეუძლია კოლეგიის ნებისმიერ წევრს. ამასთან, მოსამართლეს ამის მოთხოვნა შეუძლია საქმის ყველა ეტაპზე, პლენუმს კი მოთხოვნაზე უარის თქმა შეუძლია მხოლოდ 9-დან 6 მოსამართლის მოტივირებული გადაწყვეტილებით. ვენეციის კომისიას მიაჩნია, რომ ორი მესამედის უმრავლესობის დაწესება გადაჭარბებულია და მოსამართლემ, შესაძლოა, მარტივად გამოიყენოს ბოროტად.

კომენტარები