მაესტრო

NGO-ები: მაესტრო ჟურნალისტების პროფესიულ თავისუფლებას უგულებელყოფს

არასამთავრობო ორგანიზაციები

შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, მაესტროს ხელმძღვანელობა გადაცემების - "ბიზნესკონტაქტი", "ანალიტიკა" და "საქმიანი დილა" ჟურნალისტების პროფესიულ თავისუფლებას უგულებელყოფს. NGO-ებს ასევე მიაჩნიათ, რომ მედიასივრციდან იდევნება გადაცემები, რომლებიც მაყურებელს მოვლენების კრიტიკული თვალით შეფასებას სთავაზობს. ეს კი, მათი განცხადებით, მოქალაქეებს უკარგავს შესაძლებლობას, გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი.

"ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც არხის ხელმძღვანელებთან თუ მფლობელებთან უთანხმოების გამო, ან მათი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით წამყვან ტელევიზიებს ტოვებენ ჟურნალისტები და იხურება პოპულარული გადაცემები, რაც საყურადღებოა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ასევე ბადებს კითხვებს თავად ტელევიზიების ხელმძღვანელებისა და მფლობელების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.

ასევე, მიგვაჩნია რომ არხის ხელმძღვანელობის ხისტი გადაწყვეტილებები თანამშრომლებთან შრომითი ურთიერთობის გაწყვეტის თუ შეჩერების შესახებ უარყოფითად აისახება არხზე მომუშავე ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობასა და მოტივაციაზე, რამაც შესაძლოა გააუარესოს მათი მუშაობის ხარისხიც.

კერძო კომპანიები თავისუფლები არიან თავიანთ საკადრო გადაწყვეტილებებში, თუმცა, არხის ხელმძღვანელობას და მფლობელებს აკისრიათ ვალდებულება, უზრუნველყონ არხზე მომუშავე ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობა და პროფესიული თავისუფლება. მსგავსი შემთხვევები მიუთითებს, რომ მედიის მფლობელებს და ხელმძღვანელებს ეს ვალდებულება სათანადოდ არ აქვთ გააზრებული. შედეგად, მედიასივრციდან იდევნება გადაცემები, რომლებიც მაყურებელს მოვლენების კრიტიკული თვალით შეფასებას სთავაზობს, რაც უკარგავს მოქალაქეებს შესაძლებლობას, გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 31 მაისს ტელეკომპანია მაესტროს დირექტორმა ზურაბ ნაყეურმა მაესტროს წამყვანი და პროექტების - საქმიანი დილის, ბიზნესკონტაქტისა და ანალიტიკის ავტორი გიორგი ისაკაძე სამსახურიდან გაათავისუფლა. მიზეზად ჟურნალისტსა და ხელმძღვანელობას შორის აზრთა სხვადასხვაობა დასახელდა. ისაკაძის გათავისუფლებიდან ორ დღეში, 2 ივნისს, მაესტრომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ტოქშოუ არჩევანში მონაწილეობის გამო, უფლებამოსილება შეუჩერა რამდენიმე ჟურნალისტს (თამუნა ქემერტელიძეს, თელარა გელანტიას, ელენე კვანჭილაშვილს და ბექა ბაციკაძეს). გუშინვე, უფლებამოსილება შეუჩერდა მაესტროს 32 თანამშრომელს, რომლებიც არხზე გიორგი ისაკაძის დაბრუნებას ითხოვდნენ. შედეგად, მაესტროს ეთერიდან მოიხსნა პროექტები საქმიანი დილა, ბიზნესკონტაქტი და ბიზნესკონტაქტი-ანალიტიკა.

"აღსანიშნავია, რომ ეს გადაცემები გამოირჩეოდა პროფესიონალიზმის მაღალი დონით და ეკონომიკასა და ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებს სიღრმისეულად აშუქებდა", - ნათქვამია NGO-ების განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, საზოგადოება და ბანკები, საერთაშორისო სავაჭრო პალატა, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია, მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაცია და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი.

კომენტარები