მაესტრო

ისაკაძე: სტუდია მაესტროს წინააღმდეგ აუცილებლად გაიმართება სასამართლო პროცესი

მაესტრო

"ბიზნესკონტაქტის," "საქმიანი დილისა" და "ბიზნესკონტაქტი ანალიტიკის" იდეის ავტორის გიორგი ისაკაძის თქმით, ზურაბ ნაყეურის მიერ მისი გათავისუფლების ბრძანება სასამართლოში გასაჩივრდება. ისაკაძე "ბიზნესკონტაქტის" ეთერით ამბობს, რომ ტელეკომპანიის დირექტორმა მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება გუშინ გააცნო.

"ჩემთვის მიღებული მეილი მაესტროს გენერალური დირექტორისგან არ ყოფილა სიურპრიზი იმ მარტივი საგნის გამო, რომ მე მქონდა გუშინ დილით შეხვედრა ზურაბ ნაყეურთან, რომელმაც მე გადმომცა ყველაფერი ის, რაც იყო აღწერილი ამ წერილში. საუბარია იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც მან გაიარა კონსულტაციები კომპანიის დამფუძნებლებთან, ბორდის წარმომადგენლებთან, საუბარია დაახლოებით აქციონერთა 80% წილის მფლობელებზე, ზეპირად გადმომცა და მითხრა, რომ ანალოგიურ შეტყობინებას მეილზეც მივიღებდი, რომ მათ არ სურთ გააგრძელონ ჩემთან, როგორც ამ გადაცემების ხელმძღვანელთან საქმიანი ურთიერთობა. შპს სტუდია მაესტროს მე ჩემს არგუმენტებს აუცილებლად დავუპირისპირებ. ამასთან დაკავშირებით აუცილებლად გაიმართება სასამართლო პროცესი, ადვოკატები ამ თემასთან დაკავშირებით უკვე ჩართული არიან, ამასთან დაკავშირებით მე, ცხადია, მექნება სამართლებრივი რეაგირება", - ამბობს ისაკაძე.

მაესტროს მიერ გიორგი ისაკაძესთან გაგზავნილ განცხადებაში წერია, რომ "ბიზნესკონტაქტის" ავტორის პოზიცია ტელეკომპანიის ხედვისგან განსხვავდებოდა, ამიტომაც ეს ფაქტორი გახდა მისი გათავისუფლების მიზეზი. ისაკაძეს ხელშეკრულება პირველ ივნისს უწყდება.

"საზოგადოების დღევანდელი ხელმძღვანელობის ხედვა გადაცემების - "ბიზნესკონტაქტი," "საქმიანი დილა" და "ბიზნესკონტაქტი ანალიტიკას" ეგრეთწოდებულ აუთსორსინგზე გასვლასთან დაკავშირებით არ შეესაბამდება თქვენს, გიორგი ისაკაძის, როგორც ამ ტელეპროექტების ხელმძღვანელობის ხედვებს და ასევე სამომავლო გეგმებს. მე როგორც კომპანიის დირექტორი ვიღებ შემდეგ გადაწყვეტილებას: მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან შპს "სტუდია მაესტრო" ცალმხრივად წყვეტს 2014 წლის 10 ივლისს ჩვენს შორის გაფორმებულ შრომითი ხელშეკრულების მოქმედებას. უთანხმოების შემთხვევაში თქვენ გაქვთ უფლება მიმართოთ სასამართლოს და ასეთ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას", - წერს მაესტროს დირექტორი ზურაბ ნაყეური.

კომენტარები