საარჩევნო სისტემა

NGO-ები პარტიებს: პასუხისმგებლობით მოეკიდეთ საარჩევნო სისტემის ცვლილებებს

არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, საარჩევნო სისტემაში ე.წ. გერმანული მოდელის დამკვიდრება არჩევნებს გაცილებით უფრო სამართლიანს გახდის. მათი განცხადებით, ამომრჩეველთა ნება საპარლამენტო მანდატებში მეტი პროპორციულობით აისახება. არასამთავრობოების თქმით, მათ გამართეს კონსულტაციები წამყვან პოლიტიკურ პარტიებთან და შეთანხმდნენ, რომ კანონპროექტს მხარს დაუჭერდნენ, თუმცა, საპარლამენტო კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს ხმა არ მისცეს. NGO-ები მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ხელიდან არ გაუშვან "საარჩევნო სისტემის გაჯანსაღების ისტორიული შანსი", მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო სესიაზე კანონპროექტის განხილვაში და მხარი დაუჭირონ მის მიღებას.

"პირველ ივნისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და კენჭი უყარა კანონპროექტს, რომელიც არსებული საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის მოდიფიცირებული ვერსიით შეცვლას ითვალისწინებს. აღნიშნული კანონპროექტით 2016 წლის არჩევნების წინ საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების რეალური შანსი იქმნება. ცვლილება საარჩევნო სისტემას გაცილებით უფრო სამართლიანს გახდის, კერძოდ, ამომრჩეველთა ნება საპარლამენტო მანდატებში მეტი პროპორციულობით აისახება.

კენჭისყრის შედეგად, პროექტს კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტის ინიცირებამდე წინასწარი კონსულტაციები გაიმართა წამყვან პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის, რომლის დროსაც, შეთანხმება იქნა მიღწეული, რომ პარლამენტში მყოფი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები მხარს დაუჭერდნენ ე.წ. გერმანულ მოდელს. სისტემის ცვლილების სხვა ინიციატივებისგან განსხვავებით, ამ მოდელის მიღებას კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა არ სჭირდება", - ნათქვამია განცხადებაში.

კომიტეტის სხდომაზე გერმანულ მოდელს მხარი დაუჭირეს რესპუბლიკელებმა, თავისუფალმა დემოკრატებმა და ეროვნულმა ფორუმმა, თუმცა სხდომას ბოიკოტის გამო არ ესწრებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 5 წევრი.

"კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობის ორმა წევრმა. კენჭისყრის წინ რეგისტრაცია კომიტეტის ცამეტმა წევრმა გაიარა და შვიდი ხმა საკმარისი იქნებოდა კანონპროექტის მისაღებად. სამწუხაროა, რომ მიუხედავად წინასწარ გაკეთებული არაერთი განცხადებისა, პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ მოახერხეს საკმარისი ხმების მობილიზება. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ხელიდან არ გაუშვას საარჩევნო სისტემის გაჯანსაღების ისტორიული შანსი, მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო სესიაზე კანონპროექტის განხილვაში და მხარი დაუჭიროს მის მიღებას", - წერია განცხადებაში, რომლის ხელმომწერები არიან სამართლიანი არჩევნები, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო.

კომენტარები