კორცხელის ინციდენტი

კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირი შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს

Facebook.com

კორცხელის ინციდენტში მონაწილე ლაშა დვალიშვილი, რომელიც შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის პირველი კლასის რიგითი იყო, დაითხოვეს. ამასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი განცხადებას ავრცელებს.

"თავდაცვის სამინისტრო არ არის უწყება, რომელიც მსგავს შემთხვევებში პირის ბრალეულობის საკითხს დაადგენს, შესაბამისი გადაწყვეტილებები ჯერ საგამოძიებო ორგანოების, შემდეგ კი სასამართლოს კომპეტენციაა. თუმცა, შეიარაღებულ ძალებს თავისი წესები, დისციპლინა და ნორმატიული ფუნდამენტი აქვს, რომელიც, პირველ რიგში, სამხედრო სამსახურში მტკიცე დისციპლინასა და განსაკუთრებით მაღალ სტანდარტებს ეფუძნება.

ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა, სამწუხაროდ, არ გვიტოვებს შესაძლებლობას, ვივარაუდოთ, რომ სამხედრო მოსამსახურის ქცევა თავსებადი იყო ჯარისკაცის დისციპლინის და ღირსეული საქციელის შეიარაღებულ ძალებში დამკვიდრებულ წესებთან. შესაბამისად, პირველი კლასის რიგითი ლაშა დვალიშვილი გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით დათხოვნილია შეიარაღებული ძალებიდან.
ამასთანავე, სრული კატეგორიულობით ვაცხადებ: არ დავუშვებთ შეიარაღებული ძალებისთვის ჩრდილის მიყენებას და ღირსების შელახვას!

ქართული ჯარი ქართული სახელმწიფოს ყველაზე უფრო ნათელი და საიმედო ბურჯია! ქართულ ჯარში მსახურობენ წესიერი, სხვისი თავისუფლების პატივისმცემელი პროფესიონალები. ძალადობა და სხვისი ღირსების ხელყოფა შეიარაღებულ ძალებთან სრულიად შეუთავსებელია და ნებისმიერი პირი, როგორი დამსახურებულიც უნდა იყოს, შეიარაღებულ ძალებს მიღმა აღმოჩნდება უღირსი საქციელის ჩადენისთანავე.

ყველა ჩვენგანის და ჩემი, როგორც თავდაცვის მინისტრის ვალია, უპირველეს ყოვლისა, გავუფრთხილდე შეიარაღებული ძალების სახელს და რეპუტაციას!",- ნათქვამია ხიდაშელის განცხადებაში.

22 მაისს საკრებულოს შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას სოფელ კორცხელში ძალადობრივი ინციდენტი მოხდა, რა დროსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და პარტიის მხარდამჭერებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტში მონაწილე პირების ნაწილს ბრალი ხულიგნობის მუხლით წარუდგინეს, მათ შორის არ არის ლაშა დვალიშვილი.

კომენტარები