კორცხელის ინციდენტი

პროკურატურა კორცხელის ინციდენტში ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს

პროკურატურა კორცხელის ინციდენტში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვს. მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, პროკურატურა სასამართლოს სავარაუდოდ დღეს მიმართავს. 

კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირების ნაწილს ხულიგნობის მუხლით ბრალი გუშინ წარედგინათ. კერძოდ, გიორგი გიგაურს, კობა ტყეშელაშვილს, ნოშრევან წურწუმიას, გრიგოლ ტყემალაძესა და გიორგი გ-ს ბრალი 239-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც გულისხმობს ხულიგნობას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 180-დან 200 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 5 წლამდე.

ხოლო ვლადიმერ გეგეშიძეს ბრალი წარედგინა ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც გულისხმობს ხულიგნობას, ძალადობრივ ქმედებას ჩადენილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით. აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ბრალი მათ შსს-მ წარუდგინა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს პროკურატურის კომპეტენციაა.

კომენტარები