კორცხელის ინციდენტი

კორცხელის ინციდენტში მონაწილე 6 პირს ბრალი ხულიგნობის მუხლით წარედგინათ

კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირების ნაწილს ხულიგნობის მუხლით ბრალი წარედგინათ. კერძოდ, სავარაუდოდ, გიორგი გიგაურს, კობა ტყეშელაშვილს, ნოშრევან წურწუმიას, გრიგოლ ტყემალაძესა და გიორგი გ-ს ბრალი 239-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც გულისხმობს ხულიგნობას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 180-დან 200 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 5 წლამდე.

ხოლო ვლადიმერ გეგეშიძეს ბრალი წარედგინა ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც გულისხმობს ხულიგნობას, ძალადობრივ ქმედებას ჩადენილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით. აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ბრალი მათ შსს-მ წარუდგინა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს პროკურატურის კომპეტენციაა.

"2016 წლის 22 მაისს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, შუალედური არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტის ფაქტზე.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2016 წლის 24 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ნებაყოფლობით გამოცხადდა ინცინდენტში მონაწილე 6 პირი, რომლებიც მოწმის სახით გამოიკითხნენ. გამოძიების მსვლელობისას, ასევე გამოიკითხა ინციდენტის მონაწილე მეორე მხარეც. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო და ფიზიო-ტექნიკური ექსპერტიზები.

ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, 2016 წლის 1 ივნისს, ინციდენტში მონაწილე 5 პირს: გიორგი გ.-ს, კობა ტ.-ს, გიორგი გ.-ს, ნოშრევან წ.-ს და გრიგოლ ტ.-ს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, ხოლო ვლადიმერ გ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით", - წერია შსს-ს განცხადებაში.

22 მაისს საკრებულოს შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას სოფელ კორცხელში ძალადობრივი ინციდენტი მოხდა, რა დროსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და პარტიის მხარდამჭერებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

კომენტარები