კორცხელის ინციდენტი

NGO-ები: კორცხელის ინციდენტის გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს

არასამთავრობო ორგანიზაციები

ათი არასამთავრობო ორგანიზაცია კორცხელის ინციდენტის გამოძიებას არაეფექტურად აფასებს. ისინი მოუწოდებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავარ პროკურატურას, მიიღონ ადეკვატური და დროული ზომები იმისთვის, რომ დადგეს ინციდენტში მონაწილე ყველა პირის, ძალადობის ორგანიზატორებისა და შემსრულებლების პასუხისმგებლობის საკითხი.

"22 მაისს საკრებულოს შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას ზუგდიდში მომხდარი ძალადობრივი დაპირისპირებიდან კვირაზე მეტია გასული, თუმცა, საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია, რა ეტაპზეა გამოძიება, რა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა საქმეზე სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვების მიზნით და რატომ არ მომხდარა ამ დრომდე იმ პირების სისხლისსამართლებრივი დევნა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ძალადობრივ აქტებში. აღნიშნული კითხვები მით უფრო ლეგიტიმურია იმ ფონზე, რომ კონკრეტული პირების იდენტიფიცირება შესაძლებელია იმ არაერთი ვიდეომასალიდან, რომელიც ასახავს დაპირისპირების განვითარებას და რომელიც საჯაროდ არის გავრცელებული.

ასევე მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს ქმედების კვალიფიკაცია. როგორც ცნობილია, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც გულისხმობს ცემას. თუმცა, მედიაში გავრცელებული კადრები და ინფორმაცია მიუთითებს, რომ სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ მოქმედებას პირთა ჯგუფის მხრიდან, რომელთა მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები სცდება ცემის ფარგლებს და შეიცავს უფრო მძიმე დანაშაულების ნიშნებს. ქმედების სწორად კვალიფიკაცია აუცილებელია, რათა მომხდარ ფაქტს ადეკვატური სამართლებრივი პასუხი გაეცეს, სწორი კვალიფიკაცია აგრეთვე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გამოძიების მიმართ არსებობდეს საკმარისი საზოგადოებრივი ნდობა და კონკრეტულმა პირებმა ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოებთან. მოცემულ საქმეზე ცემის კვალიფიკაცია არასწორია, რამდენადაც ის სათანადოდ არ ასახავს ძალადობრივი დაპირისპირების რეალურ ხასიათს და სრულ მასშტაბებს", - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ ამ დრომდე არ გაკეთებულა განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რატომ ვერ მოახდინეს სამართალდამცავებმა ადგილზე ძალადობრივი ფაქტების პრევენცია ან/და მათი დროული აღკვეთა. ასევე, რატომ ვერ მოხდა საკმარისი საპოლიციო რესურსის დროული მობილიზაცია და ჩარევა პროცესში.

"პოლიციისა და საგამოძიებო ორგანოების ასეთი პასიურობა, მათ მიერ დანაშაულის გამოძიების და შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის დადგომის თაობაზე გამოვლენილი არასაკმარისი ნება კიდევ ერთხელ აყენებს სამართალდამცავი სისტემის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ეჭვქვეშ. აღსანიშნავია ისიც, რომ სხვა შემთხვევებში, მშვიდობიანი ან/და ნაკლებად ძალადობრივი აქციების დროს პოლიციის მხრიდან გამოყენებული ზომები, მათ შორის, აქტივისტების დაკავების შემთხვევები, ნათლად მიუთითებს, რომ სახეზე გვაქვს ორმაგი სტანდარტით მოქმედება პოლიციისა და პროკურატურის მხრიდან. გამოძიების პასიურობა და არაეფექტურობა აჩენს დაუცველობის განცდას და ახალისებს ძალადობრივ განწყობებს საზოგადოებაში, რაც ბოლო პერიოდში არაერთი სოციალური ჯგუფის მიმართ გამოვლინდა. ნათელია, რომ სახელმწიფოს არ აქვს ერთმნიშვნელოვანი და ცალსახა პასუხი ძალადობის ფაქტების მიმართ და სახელმწიფო აპარატის მხრიდან რეაგირება პოლიტიკურ ან სხვა ტიპის კონიუქტურაზეა დამოკიდებული.

ეს განსაკუთრებით სახიფათოა წინასაარჩევნო პროცესში, როდესაც უსაფრთხოების მინიმალური გარანტიების არარსებობის შემთხვევაში, ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში საარჩევნო კამპანიის განხორციელება და ნების თავისუფალი გამოვლენა. ასევე, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება მშვიდობიანი, დემოკრატიული პროცესების განვითარება ქვეყანაში", - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას, განმარტონ, თუ რა ეტაპზეა გამოძიება და რა სამართლებრივი პროცესები მიმდინარეობს საქმეზე. ასევე, გამოძიება წარიმართოს იმ მუხლით/მუხლთა ერთობლიობით, რომელიც მოიცავს დანაშაულის ყველა შესაძლო ნიშანს და ძალადობის ორგანიზატორი/ძალადობაში მონაწილე პირების მიმართ გამოყენებული იყოს კანონით გათვალისწინებული სამართლიანი ზომები;

გარდა ამისა, NGO-ები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, იმსჯელოს წინასაარჩევნო პროცესსა და არჩევნების დროს უსაფრთხოების ზომების დაცვის და სამართალდამცავი ორგანოების ეფექტურობის სტრატეგიაზე.

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან - ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), მედიის განვითარების ფონდი (MDF), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" (OSGF), საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI), 
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ადამიანის უფლებათა ცენტრი.

კომენტარები