პარლამენტის ვიცესპიკერს მანანა კობახიძეს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის ღია წერილმა ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკა გაახსენა. ამის შესახებ კობახიძემ TV პირველის ეთერში ისაუბრა.
"ამ წერილში დავინახე ის, რომ ჩვენ გვყავს ადამიანი, რომლის ფასიც ჯერ შეიძლება კარგად კიდევ არ ვიცით. და იცით რა არის, არც მკრეხელობაში ჩამითვალოთ, არც გადაჭარბებაში, არც გაზვიადებაში, არც არ ვიცი, რაღაც სხვა მიზნებში, მაგრამ თავის დროზე, ალბათ, როდესაც ილია ჭავჭავაძე თავის პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა თუ თავის მიმართვებს აკეთებდა საზოგადოების წინაშე, მე-19 საუკუნეში, მას ჰქონდა ძალიან დიდი ფასი და ძალიან დიდი როლი ჰქონდა მის სიტყვას. მაშინ სხვა დრო იყო. მაშინ სხვა მოცემულობა იყო და სხვა საჭიროება", - თქვა კობახიძემ.
გადაცემის წამყვანის ინგა გრიგოლიას კითხვაზე, "თქვენ ამბობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის 21-ე საუკუნის ილია ჭავჭავაძე?", კობახიძე პასუხობს, რომ "მე ამას ახლა ასე პირდაპირ არ ვამბობ, იმიტომ, რომ ეს თვითონ არ მოეწონება და თვითონ არ უყვარს ასეთი მაღალი შეფასებები".
პარლამენტის ვიცესპიკერის თქმითვე, "ჩვენ თუ დავაკვირდებით, გავა დრო, ჩვენ კიდევ არ ვიცით ამ ადამიანის ფასი, თავისი შრომით, თავისი ენერგიით, თავისი მეცენატობით, რომელიც ჯერ აუწონელი და აბსოლუტურად შეუფასებელია. მსგავსი რამ არავის გაუკეთებია. აიღეთ XX საუკუნე, XXI საუკუნე. ძალიან ბევრი შეძლებული ადამიანიც გვყოლია, ძალიან ბევრი წარმატებულიც, მაგრამ ასე გადაედოს ადამიანს ყველაფერი საკუთარი ქვეყნისთვის, მე ნამდვილად არ ვიცი ასეთი მაგალითი. და ჩვენ ალბა, კიდევ დრო დაგვჭირდება იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის როლი, მისი ფაქტორი სწორად შევაფასოთ".
ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი დღეს გამოაქვეყნა.