ენმ პრეზიდენტს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების გამოყენებისკენ მოუწოდებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებები და "არ მისცეს ბიძინა ივანიშვილს საშუალება, საერთო სასამართლოების მსგავსად მოახერხოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაქვემდებარება". ასე ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში პარლამენტის მიერ უკვე დამტკიცებულ ცვლილებებზე ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნას გამოეხმაურა.

"ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მიიღო ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ და რომლის ამოცანა იყო საკონსტიტუციო სასამართლოზე შურისძიება. ვენეციის კომისიის დასკვნა არის მკვეთრად უარყოფითი და ის ეხება ყველა საკვანძო ასპექტს, რომელიც აღმოჩნდა ქართული ოცნების სამიზნე. ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება იმას, რომ მოქმედ მოსამართლეებს თავიანთი მანდატის ბოლო სამი თვის განმავლობაში არ შეეძლოთ საქმეების განხილვაში მონაწილეობა - ეს ცვლილება არის მკვეთრად უარყოფითად შეფასებული ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში. ისევე, როგორც სხვა ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს მაგალითად საქმეების მთლიანად სასამართლოს პლენუმის მიერ განხილვას, რაც შეეხება გადაწყვეტილებათა მიღების კვორუმს ან სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსამართლეების ხელმოწერის არსებობას, ყველა ამ მიმართულებით ვენეციის კომისია გამოთქვამს შეშფოთებას, რომ იეს ყველაფერი მიმართულია საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტური მუშაობის შესაფერხებლად," - ამბობს ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ, "ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ორგანოს როლის დასუსტება შედის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში, რომ მან შეძლოს ქართველი ხალხის არჩევანის შეცვლა". თუმცა, პარტიაში ამბობენ, რომ ეს არ მოხდება, რადგან ამის შემაფერხებლად არსებობს "მკაფიო სამართლებრივი გზები, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით".

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა გუშინ გახდა ხელმისაწვდომი. პრეზიდენტს პარლამენტის მიერ მიღებული კანონისთვის ხელი ჯერ არ მოუწერია. უცნობია, გამოიყენებს თუ არა ის ვეტოს უფლებას.

კომენტარები