26 მაისი

პრეზიდენტი: წლევანდელ წელს სახელმწიფოს წლად ვაცხადებ

25 წლის წინ ჩვენ დავიწყეთ სვლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ. თავისუფლებისკენ სვლა ნიშნავს, რომ ჩვენ შევქმნათ თავისუფალი ადამიანების შექმნილი თავისუფალი საზოგადოება. თავისუფალი ადამიანი არა მარტო თვითონ არის თავისუფალი, არამედ იცავს და პატივს სცემს სხვათა თავისუფლებასაც. ასეთი საზოგადოება უნდა შევქმნათ ჩვენ. ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც თითოეული ადამიანის თავისუფლება დაცულია. ეს არის ჩვენი ტრადიციები და ეს არის ჩვენი ღირებულებები. სწორედ ამიტომ, ამ სულისკვეთებით წლევანდელი წელი, მნიშვნელოვანი წელი 25-წლიანი დამოუკიდებლობისა, მინდა სახელმწიფოს წლად გამოვაცხადო, რადგან მტკიცედ მჯერა, ჩვენი ინდივიდუალური და კულტურული დამოუკიდებლობა სახელმწიფოებრიობაში ჩვენ სწორედ წელს უნდა გადავიტანოთ. ამ წელს ჩვენ კიდევ გადავდგამთ მტკიცე ნაბიჯებს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე. დღეს აქ თქვენთან ერთად ვდგავარ და ვზეიმობ ამ მშვენიერ დღეს და ვხედავ იმ გამარჯვებებს, რომლებშიც ჩვენ ერთად ვიქნებით, იმ გამარჯვებებს, რომლებსაც ჩვენ მივაღწევთ, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული და თანამედროვე ერი. ღმერთი ფარავდეს საქართველოს.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საზეიმო ღონისძიებებისას, ახალწვეულების მიერ სამხედრო ფიცის დადების შემდეგ, სიტყვით გამოვიდა.

კომენტარები