26 მაისი

პრემიერი: დღევანდელი მიღწევები იმის გარანტიაა, რომ ვიცხოვრებთ უკეთეს ქვეყანაში

დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცებს, განსაკუთრებით, საერთაშორისო მისიის მონაწილე სამხედროებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს იცავენ, იცავენ მშვიდობას მსოფლიოში. მადლობა მათ ქვეყნის ერთგულებისთვის და მსოფლიოში ქართველი ჯარისკაცების უშიშარ და თავდადებულ მეომრებად წარმოჩენისთვის. ამ 25 წლის განმავლობაში საქართველომ რთული გზა განვლო, დიდი მსხვერპლი გაიღო, პატივს მივაგებ სამშობლოსთვის დაღუპული გმირების ხსოვნას. ჩვენს სამშობლოს ბევრი ტკივილი და გამარჯვება უნახავს, მაგრამ დღევანდელი დღე, დღევანდელი მიღწევები და პერსპექტივები იმის გარანტიაა, რომ ვიცხოვრებთ უკეთეს, ერთიან და ძლიერ საქართველოში. ჩვენს ქვეყანას წინ აქვს დიდი წარმატებები და გამარჯვებები თითოეული ჩვენი მოქალაქის საკეთილდღეოდ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ წარმატებას ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან ერთად მივაღწევთ. შევძლებთ ტკივილის დაძლევას და უკეთესი მომავლისკენ ერთად განვაგრძობთ გზას. 

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თავისუფლების მოედანზე, წვევამდელების მიერ სამხედრო ფიცის დადების შემდეგ, სიტყვით გამოვიდა.

კომენტარები