მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან

ენმ ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ე.წ რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას და უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს. დღევანდელ ბრიფინგზე პარტიის წევრმა გიგი წერეთელმა მოკლულის ოჯახს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტურია.

"ესაა უმძიმესი დანაშაული, რომელთან მიმართებაშიც სასწრაფოდ კონკრეტული ზომები უნდა გატარდეს. როცა ადამიანებს იტაცებენ, მავთხულხლართებს აბამენ, ჩვენს თანამოქალაქეებს ულუკმაპუროდ ტოვებენ და ახლა უკვე მშვიდობიან მოქალაქესაც კლავენ, ეს თავხედური და სასტიკი ქმედება მიუთითებს იმაზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკა არაეფექტურია და პრაქტიკულად კრახი განიცადა.

მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას. აბსოლუტურად არაადეკვატურია მხოლოდ შეშფოთების გამოხატვა. საჭიროა სწრაფი გამოძიება, რათა ამ დანაშაულში მონაწილე პირები დაისაჯონ.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთ დაძაბულ ვითარებაში საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც მთავარსარდალმა, უშიშროების საბჭოს სხდომა უნდა მოიწვიოს და არსებულ მდგომარეობაზე საგანგებო მსჯელობა გამართოს.

ვხედავთ, რომ ადგილზე პრაქტიკულად არაა საგუშაგოები და იქ მცხოვრები მოსახლეობა სრულიად დაუცველია, თუმცა ივანიშვილის სახლთან მუდმივად მობილიზებულები არიან სამართალდამცავები, რომლებიც სწორედ რუსეთის, ოკუპანტის პოლიტიკის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებს აკავებენ" - განაცხადა გიგი წერეთელმა.

კომენტარები