ლარის გაუფასურება

კობა გვენეტაძე: ლარის გამყარება $300 მილიონით გაუმჯობესებულ ბალანსს უკავშირდება

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გევენტაძის თქმით, ბოლო პერიოდში შეიქმნა საფუძველი, რათა ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდეს. კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ლარის გამყარებას საგადამხდელო ბალანსის გაუმჯობესებული მაჩვენებლები იწვევს. მისი თქმით, 2016 წლის 4 თვეში მიმდინარე ანგარიში, წინა წლებთან შედარებით, დაახლოებით $300 მილიონი დოლარით გაუმჯობესდა. სწორედ ეს $300 მილიონი იწვევს ლარის გამყარებას. 

"საქართველოში მოქმედებს მცურავი კურსი, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ლარის მოძრაობა იქნება როგორც გამყარების, ისევე გაუფასურების მიმართულებით. ეს არის ის რეალობა, რომელსაც უკვე შეჩვეულები ვართ და რომელსაც უნდა შევეჩვიოთ.

 
საქართველო არის პატარა ეკონომიკა, ღია ეკონომიკა და ვფიქრობ, რომ ჩვენი ეკონომიკისთვის ეს არის ის ოპტიმალური მეთოდი, რომელიც სხვადასხვა დადებითი და უარყოფითი შოკების აბსორბირებას მოახერხებს ისე, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს და ეკონომიკა გაიზარდოს.

 
არის გარკვეული წინაპირობები იმისთვის, რომ ლარი გამყარდეს. საქონლის ექსპორტის შემცირება პირველ 4 თვეში იყო მხოლოდ 12 პროცენტი, რაც ნაკლებია იმაზე, რაც ადრე გვქონდა. იმპორტის კლება გრძელდება, მაგრამ მთლიანობაში თუ შევხედავთ, 4 თვეში, წინა წლების პერიოდთან შედარებით, C ჰეპატიტის წამლების გამოკლებით, მიმდინარე ანგარიში დაახლოებით 300 მილიონი დოლარით გაუმჯობესდა. ასე რომ, არის ის წინაპირობები, რომ ლარი გამყარდეს. მნიშვნელვანია ის მოლოდინები, რაც მოსახლეობას აქვს. ასევე ინფლაციის შემცირებაც ქმნის ამ მოლოდინს", - ბიზნესკონტაქტთან საუბარში განაცხადა კობა გვენეტაძემ.
 
ეროვნული ბანკი ლარის კურსის სწრაფ მერყეობას სავალუტო ინტერვენციებით აჩერებს. ეროვნულმა ბანკმა $20 მილიონის მოცულობის სავალუტო ინტერვენცია 19 მაისსაც განახორციელა. საერთო ჯამში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე დღემდე $175 მილიონი შეიძინა. 
 

სავალუტო რეზერვების შესყიდვას მხარს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი EBRD-იც უჭერს. EBRD-ის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერა ამბობს, რომ ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებით რეზერვების იმ დანაკლისს ივსებს, რაც გასული პერიოდის მანძილზე დაიხარჯა.

"ლარის კურსთან დაკავშირებით მე ვფიქრობ, რომ ბაზარი იმ მიმართულებით მოძრაობს, რა მიმართულებითაც მან უნდა იმოძრაოს. საკმაოდ პოზიტიური სიახლეა, რომ ეროვნულმა ბანკმა დაიწყო სავალუტო რეზერვების შესყიდვა. ეს ნაბიჯი არის სწორი, რადგანაც ბანკი ეტაპობრივად ბაზარზე არსებული უცხოური ვალუტის შესაყიდვით ავსებს სავალუტო რეზერვების იმ დანაკლისს, რაც გასული წლის მანძილზე დაიხარჯა", - ამბობს ბრუნო ბალვანერა.

კომენტარები