მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან

საგარეო უწყება ე.წ. საზღვართან მკვლელობაზე: პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს

ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ე.წ. მესაზღვრის მიერ ქართველი მამაკაცის მკვლელობასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "შეძრწუნებულია მომხდარი ფაქტით". უწყება თანაუგრძნობს გარდაცვლილი გიგა ოთხოზორიას ოჯახს და ახლობლებს.

"ეს დანაშაულებრივი აქტი ცხადყოფს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში არსებულ საგანგაშო ვითარებას და მომხდართან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას. აღნიშნული მკვლელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას.

მომხდართან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ აცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატის თანათავმჯდომარეებს ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან და მოსთხოვა მათ შესაბამისი რეაგირება. ასევე შედგა სატელეფონო საუბარი ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს დავით დონდუასა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელს გრიგორი კარასინს შორის.

ქართული მხარე გამოიყენებს არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, რათა მოხდეს შესაბამისი, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი რეაგირება და დამნაშავეები წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე", - აცხადებს საგარეო უწყება.

სუს-ის ინფორმაციით, "19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ გადაყვანილ იქნა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა".

კომენტარები