ქართველი სამხედროები

დაშავებული სამხედროები "ძლიერთა თამაშებიდან" გამარჯვებულები დაბრუნდნენ

თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო ოპერაციებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ში გაერთიანებული სამეფოს პრინცის, ჰარის პატრონაჟით გამართული „ძლიერთა თამაშებიდან“ (Invictus Games 2016) გამარჯვებულები დაბრუნდნენ.

ქართველი მებრძოლებისგან დაკომპლექტებულმა ნაკრებმა საერთაშორისო შეჯიბრებაში - „ძლიერთა თამაშებში“ გუნდური მესამე ადგილი დაიკავა. 100 მეტრიან დისტანციაზე სირბილში ვერცხლის მედალი  სერჟანტმა გიორგი ბოჭორიშვილმა აიღო. მჯდომარე ფრენბურთში კი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

„გამარჯვებულებისთვის სპონსორებისგან,  კომპანიებისგან - JAGUAR-ი და LAND ROVER-ი, დამატებით დაწესებული იყო სპეციალური ჯილდო. პრიზები ინდივიდუალურად ორ-ორი ათლეტისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა, „ძლიერთა თამაშების“ აღმასრულებელმა თავმჯდომარემ, ქალბატონმა ვიქტორია გოსლინგმა და კომპანიების წარმომადგენლებმა დაუშვეს გამონაკლისი და LAND ROVER-ის ჯილდო: The Land Rover Above and Beyond Award საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მჯდომარე ფრენბურთის გუნდს გადასცეს. როგორც საერთაშორისო თამაშების ორგანიზატორებმა და სპონსორებმა აღნიშნეს,  იმის დასტურად, რომ ქართველთა ასპარეზობამ გაუტეხელი ხასიათი, მებრძოლი სული და ურთიერთთანადგომა მთელს მსოფლიოს დაანახა. რაც „ძლიერთა თამაშების“ სულისკვეთებას ზუსტად გამოხატავს“ - აცხადებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.

მედალოსან 14 სამხედრო მოსამსახურეს აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ანა დოლიძე, ბესიკ ლოლაძე და შეიარაღებული ძლების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, ასევე სტუდენტები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

თავდაცვის სამინისტროში კი „ძლიერთა თამაშების“ პრიზიორებისთვის მიღება გაიმართა. მედალოსან სამხედრო მოსამსახურეებს გამარჯვება თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანიდან მიულოცა. 

კომენტარები