ბესელია: ვენეციის კომისიას კანონის საბოლოო ვარიანტი გადაეგზავნება

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის საბოლოო, დღეს მიღებული ვარიანტი გადაეგზავნება. ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ გადაიგზავნა დაგეგმილი ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენის შემდეგ, ეკა ბესელია პასუხობს, რომ პარლამენტი დროში იყო შეზღუდული.

„ჩვენ მესამე მოსმენა რადგან დავგეგმეთ უკვე ამავე კვირაში, ბუნებრივია, ახლა უკვე გაეგზავნება მთლიანი დოკუმენტი ვენეციის კომისიას. მონიტორებთან საუბრის დროს მე მათაც ვუთხარი, რომ სამშაბათის კომიტეტის სხდომა, ანუ მეორე კვირას მეორე მოსმენა იყო დანიშნული და თუ არანაირი ცვლილება არ შევიდოდა კომიტეტზე პირველი მოსმენის მიღების შემდეგ, შესაძლებელი იყო უკვე გაგზავნა მეორე მოსმენიდანვე. მაგრამ თუ შეიცვლებოდა კანონპროექტი და დაემატებოდა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც დაემატა კიდეც, ასეთ შემთხვევაში დაველოდებოდით რომ მეორე მოსმენითაც იქნებოდა მიღებული. ეს მე ავუხსენი მათ, ისიც, რომ არის საარჩევნო წელი, პარლამენტი მუშაობს ძალიან შეზღუდული დროით და ამიტომ დიდი ლოდინის დრო კანონის მიღებისთვის სამწუხაროდ პარლამენტს ახლა არ ჰქონდა, რადგან მალე ასრულებს მუშაობას. ეს ძალიან კარგად იყო გასაგები მონიტორებისთვის, ამიტომ ჩვენ გავაგზავნით ახლა ამ კანონს უკვე ვენეციის კომისიაში და დაველოდებით რეკომენდაციებს და დასკვნებს“ - აცხადებს ბესელია.

დეპუტატმა დღესვე კანონში შესული ცვლილებების შინაარსზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი კანონი ბევრად უკეთესია.

„კონსტიტუციასთან შეუსაბამო ჩანაწერი ამოღებულია. საკონსტიტუციო სასამართლოს თავად შეუძლია აირჩიოს თავმჯდომარე და ამ პროპცესში არ ჩაერევა არც პრეზიდენტი, არც პარლამენტი და არც სასამართლოს თავმჯდომარე. თავად მოსამართლეები მიიღებენ გადაწყვეტილებას ვინ იქნება თავმჯდომარე. მხოლოდ ერთი 5 წლიანი ვადა არის განსაზღვრული. ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს კონსტიტუციით განსაზღვრული 10-წლიანი ვადა ექნებათ კონკრეტულად ნორმით გაწერილი, ანუ აღარ იქნება ამ ვადის ხელოვნურად გაგრძელების მექანიზმი. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ შეიცვალა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსჯადობა და მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა, საარჩევნო დავები, რეფერენდუმის დავები, საკონსტიტუციო სასამართლოს მომწესრიგებელი საკითხები, იქნება პლენუმის გადასაწყვეტი. ასევე, ამოღებულია ის ნორმები, რომლებიც იყო წინააღმდეგობრივი. დაემატა ბევრი საკითხი, მათ შორის ძალიან კარგი ნორმაა მიღებული, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევა მაშინ, როდესაც სრული ტექსტი განთავსდება სასამართლოს ვებგვერდზე“ - ამბობს დეპუტატი.

პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებები დღეს მიიღო. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა. მათ შორის არ იყვნენ რესპუბლიკელების, თავისუფალი დემოკრატების, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ახალი პოლიტიკური ცენტრის, გირჩის წარმომადგენლები.

კომენტარები