კოალიცია ქართული ოცნება

მეჭიაური: ჩემი პროდასავლურობა დღეს ატლანტის ოკეანესთან იკეტება

მას შემდეგ, რაც ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან, შემდეგ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მექნება კონსულტაციები, გავაკეთებ ისეთ განცხადებას, რომელიც მთლად არ უნდა იყოს უინტერესო. თავისთავად, იდეოლოგიური განსხვავება არსებობს და მთავარი ესაა, თორემ უხერხულობა ნებისმიერმა შეიძლება, შევუქმნათ ერთმანეთს, თუ ეს ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება და არ ვნებს. ცალსახად შემიძლია, ვთქვა, რომ ერთი მთავარი შეუთავსებლობა მაქვს იმაში, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე თავად ვიყავი და ვარ პროდასავლური კურსის მომხრე, ჩემი პროდასავლურობა ატლანტის ოკეანესთან იკეტება უკვე დღეს, გამომდინარე იქიდან, რომ ამ 4-წლიანმა პერიოდმა და ნაწილობრივ წინა პერიოდმაც მაჩვენა, რომ ჩვენი ევროატლანტიკური არჩევანი, რომელიც 2008 წელს ჩატარებული პლებისციტით დადასტურდა, თანდათან პერსპექტივას კარგავს. მე ვერ ვხედავ გზას, როგორ შეიძლება გავხდეთ ევროატლანტიკური ოჯახის წევრი ჩვენი პრობლემებიანად. მე მხედველობაში მაქვს ის ოკუპირებული ტერიტორიები, რომელიც რუსეთმა 2008 წლის ომის შემდეგ დაიკავა და სადაც უკვე განლაგებული აქვთ სამხედრო ბაზები, ტექნიკა და ჯარი. დასავლეთი თვითონ ამბობს ჩვენს NATO-ში მიღებაზე უარს, ასევე NATO-ში აშშ-ის ელჩის ბოლო განცხადება რომ ავიღოთ, ისიც იმავეს ადასტურებს. ყოველივე ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ეს არის ილუზია და რატომღაც მგონია, რომ ისეთი გონიერი ხალხი, როგორიც ბატონი კვირიკაშვილია, თვითონაც უნდა ხვდებოდეს ამას. თუმცა, მე მისდამი დიდი პატივისცემით ვარ და ამიტომაც არ მინდა რაიმე ნაბიჯი გადავდგა მასთან უშუალო შეხვედრის გარეშე, რომელიც განსაკუთრებით ამ საკითხს და კიდევ ზოგიერთ სხვა საკითხსაც შეიძლება, შეეხოს.

ამბობს დეპუტატი თამაზ მეჭიაური.

კომენტარები